ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე, რომელზეც ბრალდებული გიორგი გახარიაა და მას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჩორჩანას საგუშაგოს აგებაში ადანაშაულებენ, ყოფილი თანამდებობის პირების დაკითხვა გრძელდება.
დღეს, 23 სექტემბერს ჩვენება მისცეს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა, შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა [ამასთან, პოლიტიკის დატოვებამდე გახარიას პარტიის წევრმა] გიორგი ხოჯევანიშვილმა და სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ.
სამივე მათგანმა სასამართლოში განაცხადა, რომ არ ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია, მაშინდელი შს მინისტრი აპირებდა საგუშაგოს აგებას, თუმცა ხოჯევანიშვილი და კახიშვილი განმარტავენ, რომ ეს ინფორმაცია მათ არც უნდა ჰქონოდათ და ამისთვის მათი იმჟამინდელი როლი და პოზიცია შესაბამისი არ იყო.
„არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. […] წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს შენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა“, — თქვა სხდომიდან გამოსულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. ის იმ დროს შიდა ქართლის გუბერნატორი იყო.
„[პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს] ყოველდღიურად ცალკე კომუნიკაციაც აქვთ და შეიძლება დღეში ათჯერაც ჰქონდეთ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა არც იცის და ვერც ეცოდინება იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი არასდროს არ არის ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იცის მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად, დოკუმენტურად შემოდის წერილის სახით ან განხილვის თხოვნით, ოღონდ წერილობით.
მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე. ზიანი დადგა თუ არა, ამ საკითხზე მსჯელობს სასამართლო და ამიტომ მე არ მინდა დღეს შევიდე ამ საკითხის განხილვაში და ჩემი შეფასებებით დავამძიმო ან არ დავამძიმო გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს უფლებამოსილებას, როგორც ადმინისტრაციის უფროსის. უფლებამოსილებაში შედიოდა ყველა იმ ოფიციალური კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში განსახილველად. ოფიციალურად ასეთი საკითხები შემოსული არ იყო“, — აცხადებს კახიშვილი.
ტაბატაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.
პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით კი, დღევანდელი მოწმეების ჩვენება ადასტურებს ბრალდებას.
„გიორგი გახარიამ აღნიშნული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად და არ შეათანხმა არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან და არც პრემიერთან, რაც დასტურდება სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების ნაწილი დაიკითხა სასამართლო პროცესზე, რამდენიმე პირი კიდევ დასაკითხია. ამ ეტაპზე სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეები, რომლებიც ამ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები არიან, ადასტურებენ, რომ არცერთ ფორმატში მათთან საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით გიორგი გახარიას კომუნიკაცია არ ჰქონია“, — აცხადებს პროკურორი.
გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა ცალ-ცალკე აფასებს დღევანდელი მოწმეების ჩვენებებს:
- ალექსანდრე ტაბატაძე — „მინისტრის კურატორი მოადგილე არ ვიყავიო და რაღაც შეფასებებს აკეთებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც არ გააჩნია. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ამ ადამიანებს რცხვენიათ ამ პროცესში მონაწილეობის. რცხვენიათ მარტივი მიზეზის გამო და ამის დასტურია ისიც, რომ ეს სასამართლო სხდომა დაიხურა. არანაირი საიდუმლო ინფორმაცია ამ სასამართლო სხდომებზე არ განიხილება, უბრალოდ ამ ადამიანებს რცხვენიათ საჯაროდ, რადგან ეს ჩანაწერი ინახება და ადრე თუ გვიან ამ სხდომის ოქმებს სხვაც მოისმენს.
- კახი კახიშვილი — „რაც შეეხება კახი კახიშვილს, იგი მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ. მან აღნიშნა, რომ მასთან წერილობითი დოკუმენტაცია ჩორჩანასთან დაკავშირებით არ შესულა, თუმცა დანარჩენი საკითხები არ გამოურიცხავს, შესაძლოა ზეპირი კომუნიკაცია ან სხვა ფორმატით კომუნიკაცია ყოფილიყო.“
- გიორგი ხოჯევანიშვილი — „მესამე მოწმე იყო გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც გიორგი გახარიას რეკომენდაციით დაინიშნა გუბერნატორად შიდა ქართლში. იყო გორის და კასპის მაჟორიტარი, რომელიც გიორგი გახარიას ძალისხმევით გახდა მაჟორიტარობის კანდიდატი და შემდეგ დეპუტატი, ასევე იყო გიორგი გახარიას მოადგილე მის პოლიტიკურ გუნდში. ახლა გიორგი ხოჯევანიშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობაა. გიორგი ხოჯევანიშვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რაც ამ ჩვენების მიცემით აიღო, რადგან ეს არის ტვირთი, რომელიც არც ადამიანობაში, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდება. მე მას არ შევაფასებ, მას მთელი ცხოვრება მოუწევს ამ ტვირთის ტარება და არავის ვუსურვებ იმას, რაც დღეს გიორგი ხოჯევანიშვილმა გაიარა.“
რა მოხდა წინა სხდომაზე, როდესაც ჩვენება მისცეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ, დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა, წაიკითხეთ აქ.
ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარებული 2025 წლის 13 ნოემბრიდან. გახარია საქართველოში არ იმყოფება.
ქართული პოლიციის საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ჩორჩანასთან, 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა. მანამდე გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანას ტყეში ხეების მონიშვნა.
ჩორჩანას მოვლენებიდან 6 წლის თავზე „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ადანაშაულებს, რომ შს მინისტრის რანგში საგუშაგო გახსნა სუს-თან და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ქვეყანა „ომის ზღვარზე“ დააყენა, საპასუხოდ საოკუპაციო მხარემ 5 საგუშაგო მიიღო და 1 000 000 მ² (100 ჰა) ტერიტორია დაკარგა.
გახარიას თქმით, პირიქით, საგუშაგოს გახსნით საქართველომ ჩორჩანას ტყის მთლიანი მასივის, 1 800 ჰა მითვისების პრევენცია შეძლო.
