ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე, რომელზეც ბრალდებული გიორგი გახარიაა, დღეს ჩვენება მისცეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ, დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა.

პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობით, მოსამართლემ სხდომა დახურა. მოტივით, რომ შესაძლო იყო სასამართლოში ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩვენების მიცემისას სახელმწიფო საიდუმლოება გაჟღერებულიყო.

პროკურორის განმარტების მიხედვით, ბრალდების მოწმეებმა, გახარიას ყოფილმა თანაგუნდელებმა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს აგება გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რაც მას სხვებისთვის არ შეუთანხმებია.

„ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია და ასევე, დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს. სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღიმართა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება კი ეკუთვნოდა გიორგი გახარიას და არ იყო მათთან შეთანხმებული.

აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა დეტალურად გაშალეს ის ნორმატიული აქტები და სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები, თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობები, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქცია-მოვალეობები და დეტალურად აუხსნეს სასამართლოს, რატომ იყო საგუშაგოს აღმართვა უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი და რატომ უნდა ყოფილიყო კოორდინირებულად შეთანხმებული, რაც არ განხორციელდა გიორგი გახარიას მიერ“, — თქვა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ.

გიორგი გახარიას ადვოკატი, ბერდია სიჭინავა კი განმარტავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მიცემული ჩვენებები ფაქტობრივად სისტემის მხილებაა.

„ყველა იბანს დღეს ხელს და პასუხისმგებლობას  თავიდან ბოლომდე ჰკიდებენ გახარიას. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ. ყველა მათგანი, ვინც დღეს დაიკითხა, იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი და თუ ისინი ხედავდნენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო ჩორჩანა და გამოწვევები არსებობდა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ ჰქონდათ ვალდებულება, ეროვნული უსაფრთხოების კანონის შესაბამისად, მოეწვიათ შესაბამისი სხდომა, რაც არ გაუკეთებიათ“, — აღნიშნა ადვოკატმა.


ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარებული 2025 წლის 13 ნოემბრიდან. გახარია საქართველოში არ იმყოფება.

ქართული პოლიციის საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ჩორჩანასთან, 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანას ტყეში ხეების მონიშვნა.

ჩორჩანას მოვლენებიდან 6 წლის თავზე „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ადანაშაულებს, რომ შს მინისტრის რანგში საგუშაგო გახსნა სუს-თან და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ქვეყანა „ომის ზღვარზე“ დააყენა, საპასუხოდ საოკუპაციო მხარემ 5 საგუშაგო მიიღო და 1 000 000 მ² (100 ჰა) ტერიტორია დაკარგა.

გახარიას თქმით, პირიქით, საგუშაგოს გახსნით საქართველომ ჩორჩანას ტყის მთლიანი მასივის, 1 800 ჰა მითვისების პრევენცია შეძლო.