12 აგვისტოს, აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე, საქართველოში „რუსოფობიაზე“ სასაუბროდ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა.

„მითების დეტექტორი“ წერს, რომ ამ ბრიფინგის მიხედვით სხვადასხვა მედიასაშუალებებმა („იმედი“; „რუსთავი2“; „ინტერპრესნიუსი“) სოციალურ ქსელებში გაავრცელეს „ქარდები“, რომლებზეც ყურადღება გამახვილებული იყო საქართველოში ანტირუსული განწყობების გაღვივებასა და ამ პროცესში „დიფ სთეითის“ როლზე.

„მითების დეტექტორი“ კობახიძის „ქარდებზე“ მოწონებებს (likes) და იმ პროფილებს დააკვირდა, რომელთა ფოტოების ავთენტურობა, ვიზუალის და სოციალურ ქსელებში ქცევის იდენტურობა საეჭვოდ გამოიყურებოდა.

„ანალიზის შედეგად კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) ნიშნები გამოავლინა, რომელიც კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მიმართ მხარდაჭერის გაზრდას ისახავდა მიზნად“, – ამბობს მითების დეტექტორი.

კვლევის ფარგლებში, გამოვლინდა 230 ყალბი ანგარიში, რომელთა საერთო მახასიათებლები, „მითების დეტექტორის“ ცნობით, კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაზე (CIB) მიუთითებს.

„მითების დეტექტორი“

გთავაზობთ კვლევის ამ ნაწილს უცვლელად:

  1. პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებული 

„ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებების ამომცნობი ხელსაწყოს, Hive Moderation-ის თანახმად, 230-ვე პროფილის ფოტო 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია; რამდენიმე შემთხვევაში მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ამასთან, AI-გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ხელებისა და თითების არაბუნებრივი ფორმები და გარკვეული დეფორმაციები ვიზუალური დაკვირვებითაც გამოვლინდა.

  1. ხდება ფოტოებისა და კომპოზიციის დუბლირება 

„ანგარიშების ნაწილი იყენებს იდენტურ ან ერთმანეთთან ძალიან მსგავს ფოტოებს, მათ შორის ერთსა და იმავე ფოტოს მცირე ცვლილებებით. სხვადასხვა ანგარიშის ვიზუალი ფოტოს გადაღების მანერასა და დეტალებს იმეორებს. გვხვდება თბილისის ფონზე, ყავის ან ღვინის ჭიქით, თავზე შემოდებული ხელით ან მსგავსი კომპოზიციით გადაღებული ერთგვაროვანი ესთეტიკის ფოტოები. ბუნებრიობის განცდის შესაქმნელად ვიზუალი გართობისა და დასვენების, სპორტული აქტივობების კადრებსაც ასახავს. რამდენიმე შემთხვევაში, სხვადასხვა ანგარიშს იდენტური სახელი და გვარი აქვს მითითებული.

  1. მხარდაჭერა ხელოვნურად შექმნილი სოციალური მრავალფეროვნების ხარჯზე ხდება

ქსელი სხვადასხვა ასაკის, გარეგნობისა და ინტერესის მქონე ადამიანების მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნის: ახალგაზრდა და ასაკოვანი, კონსერვატიული და ალტერნატიული, რელიგიური, ოჯახური, სპორტული და დასვენებაზე ორიენტირებული პროფილებით.

  1. პროფილების სანდოობის გასაზრდელად AI გენერირებული ანგარიშები რეალურ სამუშაო ადგილებს და სასწავლებლებს უთითებენ

პროფილების უმეტესობას მითითებული აქვს სასწავლებელი და სამუშაო ადგილი, მათ შორის თბილსერვისი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, საქართველოში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური სამსახურები.

  1. იკვეთება იდენტური ქცევა

ანგარიშების უმრავლესობას საქართველოს ქალაქებში გადმოსვლის პერიოდად 2026 წლის 20-24 ივლისის აქვს მითითებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე გენერირებული პროფილებიც გვხვდება.

  1. ერთსა და იმავე გზავნილზე კონცენტრირებული აქტივობა

საეჭვო ანგარიშების მოწონებები “გლობალური ომის პარტიის”, “დიპ სთეითის გეგმის” და “მეორე ფრონტის გახსნის შესახებ” მმართველი პარტიის თავმჯდომარის კონსპირაციული გზავნილების, ასევე “რუსუფობიის” შესახებ ნარატივის შემცველ პოსტებზეა კონცენტირებული, რაც ერთიანობაში მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდის ნიშნებს ატარებს.

„მითების დეტექტორი ამბობს, რომ პროფილების ვიზუალები განსხვავებული სოციალური და დემოგრაფიული ჯგუფების იმიტაციას ქმნის, ზოგიერთი პროფილი კი, „დამაჯერებლობის გასაზრდელად ოჯახურ იდილიის ფოტოებს იყენებს“.

„მითების დეტექტორის“ მიერ გამოვლენილი ყალბი ანგარიშების სრული სია იხილეთ ბმულზე.