პოლიციამ „გლოვოს“ კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა. მათ შორის 2 არასრულწლოვანია.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირს ეძებენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია “გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს [ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად], რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 180-240 საათის ვადით, ან პატიმრობით ორ წლამდე.

კურიერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირველად მისმა ადვოკატმა, იაკო კვანტალიანმა გაავრცელა, რომელიც წერდა, რომ კურიერს თავს ყაზბეგის გამზირზე დაესხნენ, როცა მან შეკვეთა მიიტანა. იქიდან გამოსული იქვე მყოფმა არასრულწლოვანებმა „ძირს დააგდეს და თავი არტყმევინეს ასფალტზე, შემდეგ კეფაში თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე გამეტებით ურტყეს. […] შენ აქ რა გინდაო, ჩვენ კრიმინალები ვართო. ტელეფონიც წაართვეს.“