ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ნაურუს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე.
“ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი – მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 აგვისტოს.
ნაურუ, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 ათასი კაცია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარებდა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რომლის შესაბამისად ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ამის გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაურუს რესპუბლიკა კი, რომელსაც დახმარებას უწევდნენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას ვეღარ იღებდა.
ნაურუს მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შემდეგ, ამ დროისთვის 4 სახელმწიფო რჩება, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია.
