თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
კალაძის თქმით, სიცრუეა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში მრავალწლოვანი ხეები მასიურად იჭრება. მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი.
„გარდა ამისა, მიწის საფარის ნაწილის მოხსნის გამო, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიან ჭადარს. გადაიბელა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ არსებული ჭადარიც. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ სამუშაოები სწორად და შეუფერხებლად წარიმართოს. აქ საუბარია იმ ხეებზე, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელების მიმდებარედ არის დარგული. იცით, რომ ჩვენ მიწისქვეშა გადასვლელებსაც რეაბილიტაციას ვუტარებთ. საჭიროა, რომ ტერიტორია მთლიანად გაიწმინდოს მიწისგან, რომ შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ეფუძნება სპეციალისტების დასკვნას და თუ ხე დაავადებულია, გამხმარია და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ის უნდა მოიჭრას.
„რაც ყველაზე მთავარია, ყველა ასეთი გადაწყვეტილება ეფუძნება სპეციალისტების დასკვნას. თუ ხე დაავადებულია, გამხმარია და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, იმოქმედოს. ეს არის უსაფრთხოების საკითხი და არა პოლიტიკის.
სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი პოლიტიკური სპეკულაციის თემად აქციოს. ჩვენი პასუხი ყოველთვის იქნება საქმე, ფაქტები და კონკრეტული შედეგები. ქალაქის სიყვარული სიტყვებით არ იზომება. თუ მართლა გიყვარს ქალაქი, პარკებს არ ყიდი: მათ იცავ. რეკრეაციულ სივრცეებს არ ამცირებ – აფართოებ. ქალაქს არ ართმევ – ქალაქს უბრუნებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო.
