შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იუმორის ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც სამმართველოში გამოცხადდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, – წერია განცხადებაში.
შსს ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
23 ივლისს, საღამოს, სტენდაფერ კომიკოს ონისე ოქრიაშვილს რამდენიმე პირი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასა და სოცქსელებში პროპაგანდისტული კამპანია ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ გზავნილით, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მწერალ ნოდარ დუმბაძეს.
„სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“, – თქვა ონისე ოქრიაშვილმა.
