“ძალიან შევწუხდი და განვიცდი”, – უთხრა ნოდარ დუმბაძის შვილმა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქეთევან დუმბაძემ ნეტგაზეთს ონისე ოქრიაშვილზე ქუჩაში ფიზიკური თავდასხმის კომენტირებისას.

23 ივლისს, საღამოს, სტენდაფერ კომიკოს ონისე ოქრიაშვილს 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასა და სოცქსელებში პროპაგანდისტული კამპანია ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ გზავნილით, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მწერალ ნოდარ დუმბაძეს.

ამ ამბავს თავად ონისეც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას აშავებენ, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ეზიზღება ნოდარ დუმბაძე, ანუ ის, ვინც შეუძლებელია გეზიზღებოდეს.

“სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს”, – თქვა ონისე ოქრიაშვილმა.

ონისეს მეუღლის, მარიამის ინფორმაციით, კომიკოსს ფიზიკურად სახლთან გაუსწორდნენ.

ნეტგაზეთი ამ ამბავზე ესაუბრა ქეთევან დუმბაძეს.

“რა კომენტარი უნდა გავაკეთო, როგორ შეიძლება ასეთი [რამ]… წარმოუდგენელი რაღაცაა… არ შეიძლება ასეთი რამის კეთება. მე კომენტარი არ გამიკეთებია აქამდე, ასე ჩუმად გადავიტანე ეს დღეები და ახლა ქუჩაში… წარმოუდგენელია, არ ვიცი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალადობა, როგორი სისულელეც არ უნდა ეთქვა და გაეკეთებინა. სხვა კომენტარი არ მაქვს… ძალიან გთხოვთ ახლა, ისეთი აღელვებული ვარ, რომ… სად მოხდა ეს ამბავი?”.

ქეთი დუმბაძე ამბობს, რომ რომ ზემოხსენებული ხუმრობა მისთვის მიუღებელია. როდესაც მას ონისეს განმარტების შესახებ ვუამბეთ, თქვა, რომ მაინც არაა ეს გასამართლებელი.

ქეთი დუმბაძე: მოვისმინე მე ეს ყველაფერი და არ არის გასამართლებელი… მაინცდამაინც ნოდარ დუმბაძე რატომ მოუვიდა [თავში]?

ნეტგაზეთი: როგორც თვითონ თქვა, ეგ იყო ყველაზე აბსურდული ვარიანტი [ანუ ადამიანს რომ ნოდარ დუმბაძე ეზიზღებოდეს, ეგ არის ყველაზე აბსურდული ვარიანტიო].

ქეთი დუმბაძე: კი, ბატონო, მაგრამ ძალიან ძნელი მოსასმენია [ეს სიტყვები]. მე არაფერი მითქვამს და ხმა არ გამიცია, მაგრამ ჰიპოთეზურადაც რატომ უნდა მოგივიდეს ეგეთი აზრი.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ ამდენი დღის განმავლობაში მედიასა და სოცქსელებში ონისეს მიმართ ამ ამბის აჟიტირებამ განაპირობა ეს ძალადობა, დუმბაძე პასუხობს, რომ  ძალიან შეწუხდა და განიცდის ონისეზე ძალადობის გამო.

“არ ვიცი… ხალხი იყო ძალიან გაღიზიანებული, მე ამაზე როგორ შემიძლია პასუხი ვაგო? ან რამე ვთქვა ერთზე ან მეორეზე… ვიღაცას უყვარს, ვიღაცას არ უყვარს… ვიღაცას მოსწონს როგორც მწერალი, ვიღაცას არ მოსწონს… ეს არის მკითხველის გადასაწყვეტი”.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ როგორც მინიმუმ, უნდა მოუწოდოს ადამიანებს, რომ არ უნდა იძალადონ კომიკოსზე, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ხუმრობა მათთვის, ის ამბობს:

“რა თქმა უნდა, რომ არ უნდა იძალადონ, ამას რად უნდა ლაპარაკი. შეეშალა ადამიანს. ამისთვის ძალადობა როგორ შეიძლება მოიწონო, ეს გამორიცხულია. ძალიან მძიმე თემაა და ძალიან მაღელვებს”.