რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული პირობები „უფასო არ იქნება“. სლუცკი ასე გამოეხმაურა ევროკავშირის გეგმას, რომლის მიხედვითაც სომხური ექსპორტის 80%-ზე ევროკავშირში საბაჟო გადასახადები გაუქმდება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს სომხური ექსპორტის 80%-ისთვის საბაჟო გადასახადების გაუქმებას. მისი თქმით, ეს მექანიზმი ევროკავშირის ბაზარს გაუხსნის სომხეთის ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ხილის, ბოსტნეულისა და ორგანული პროდუქციის თითქმის 99%-ს, ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის 90%-ს.

სომხური ექსპორტის თითქმის 80% ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შევა

„ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც სომხეთის ხელმძღვანელობამ უნდა გააცნობიეროს: ევროპულ სათაგურში ყველი უფასო არ იქნება“, – დაწერა სლუცკიმ საკუთარ Telegram-არხზე.

მისი შეფასებით, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სავაჭრო შეღავათები მომავალში შეიძლება იქცეს საფასურად „ქვეყნის ტერიტორიაზე ანტირუსული პლაცდარმის შექმნის გამო უკრაინული გამოცდილების დანერგვისთვის“. სლუცკის თქმით, ამ ნაბიჯის უარყოფით შედეგებს, პირველ რიგში, სომეხი ხალხი იგრძნობს.

„ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა არ გამოვა. ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს. ან ერევანი დარჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად და შეინარჩუნებს კავშირებსა და თანამშრომლობას რუსეთთან და კავშირის სხვა წევრებთან, ან აირჩევს ევროპულ ინტეგრაციას, რაც, ფაქტობრივად, სუვერენიტეტზე უარის თქმას და ბრიუსელის პროტექტორატის დამყარებას ნიშნავს. ეს უკვე არა მხოლოდ „გამოცდილების გაზიარებაა“, არამედ სახელმწიფოს გარე მმართველობისთვის გადაცემის საბედისწერო შეცდომების გამეორება“, – დაწერა სლუცკიმ.