2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა, თუმცა ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილისთვის ომი არ დასრულებულა. მისი თქმით, ომი მისთვის დღესაც გრძელდება – სახლის, საკუთარი ადგილისა და იმ ცხოვრების დასაბრუნებლად ბრძოლაში, რომელიც ახალგორში დარჩა.
„მგონია, რომ ომში ვარ. ომიც ხომ მიწისთვის, სახლებისთვის ბრძოლაა. მე ვიბრძვი საკუთარი სახლისთვის. ვიბრძოდი ჯერ იქ, სადაც დავიბადე, იქიდან გამოძევებული ისევ იმ ბინისთვის ვიბრძვი“, – ამბობს მეარაყიშვილი.
2025 წლის დეკემბერში ის ცხინვალში „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავა. მანამდე მეარაყიშვილი არაერთხელ იყო დევნისა და სისხლისსამართლებრივი საქმეების სამიზნე. 2017 წელს მისი წინააღმდეგ აღძრული საქმეები 2023 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა. 2025 წლის დაკავების შემდეგ კი იგი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იძულებით გამოაძევეს.
ახლა, თბილისში, სადაც ის იძულებით აღმოჩნდა, ამბობს, რომ თავს უცხოდ გრძნობს.
„აქ უცხოდ ვგრძნობ თავს. არავინ მყავს ჩემიანი, არაფერი გამაჩნია ჩემი. სტუმარივით ვარ აქ. არ ვიცი, გასაჭირის დროს ვის მივმართო. ახალი ცხოვრება დავიწყე აქ. გზები ვისწავლე, რაღაც წესების დაცვა“, – ამბობს ის.
„თბილისამდეც არ ჩამომიყვანა სახელმწიფომ“
მეარაყიშვილისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არც მაშინ მიუღია, როდესაც იძულებით გამოაძევეს.
მისი თქმით, 31 დეკემბერს საოკუპაციო ტერიტორიიდან გამოყვანის შემდეგ ის თბილისში სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ ჩაუბარებიათ.
„ყველაზე გულსატკენი კი ისაა, რომ თბილისამდეც არ ჩამომიყვანა სახელმწიფომ. არ ვიცი, რატომ არ გაასაჯაროვა დღემდე ჩემი გამოძევების კადრები. 31 დეკემბერს პიჟამაში, ეტლით [გამომიყვანეს]. ორი კამერით მიღებდნენ, მაგრამ არ გაუსაჯაროებიათ კადრები. ჩემი და სახელმწიფოს ურთიერთობა 31 დეკემბერს დასრულდა, როცა გამოყვანა არა, მაგრამ ტრანსპორტირება მოახდინეს“, – ამბობს მეარაყიშვილი.
2026 წლის ივნისში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ DRI-მ მისი საქმე გაეროში წარადგინა. ორგანიზაციის განცხადებით, დაკავებიდან და გაძევებიდან ხუთი თვის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას მასთან შეხვედრა არ ჰქონდა გამართული და სახელმწიფოს მისთვის არც ჯანდაცვისა და არც სოციალური მხარდაჭერის სერვისები არ შეუთავაზებია.
მეარაყიშვილის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა კიდევ ერთი კითხვა – რატომ დარჩა ის სახელმწიფოს ყურადღების მიღმა.
„რატომ მიმატოვეს უპატრონოდ, რატომ არავინ მომიკითხა, სულ ეს კითხვა მიტრიალებს და გული მწყდება. ის, რომ ამდენი წელი იქ თითქოს ყოჩაღად ვიყავი, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს განცდა არ ჰქონოდა, რომ ცუდად ვარ. რატომ არ იფიქრეს, რომ თუნდაც ფსიქოლოგი მჭირდება, ექიმი მჭირდება“, – ამბობს ის.
„რაში მჭირდება ცარიელი ქაღალდი“
რამდენიმე დღის წინ მეარაყიშვილმა დევნილთა სააგენტოს მიმართა და იკითხა, რა შეიცვლებოდა მისთვის დევნილის სტატუსის მიღების შემთხვევაში.
მისი თქმით, სააგენტოდან უპასუხეს, რომ სტატუსის მიღება მის მდგომარეობას არსებითად ვერ შეცვლიდა.
მეარაყიშვილის თქმით, მას ვერც საცხოვრებელი გადაეცემოდა და ვერც ქირის სახელმწიფო დახმარების მიღება იქნებოდა გარანტირებული – ეს სხვა პირობებსა და ქულებზე იქნებოდა დამოკიდებული.
„300 ლარად სარდაფსაც ვერ ვიქირავებდი. მაშინ ვთქვი, რომ რაში მჭირდება ცარიელი ქაღალდი, თუკი არაფერი მოჰყვა ამას“, – ამბობს ის.
მისთვის სახელმწიფოსგან ბინის მიღება თავისთავად არასდროს ყოფილა მთავარი მოთხოვნა.
„საჩუქრადაც კი არ მინდოდა ბინა ქართული სახელმწიფოსგან, მხოლოდ დროებით მაინც, სანამ დაბრუნების საშუალება მექნებოდა ახალგორში. მე თავის დროზე იმ თანხით, რა თანხითაც იქ ვიყიდე ბინა, აქაც შემეძლო მეყიდა, მაგრამ მე იქ ცხოვრება ავირჩიე, რადგან მიყვარს ახალგორი“.
მისი თქმით, ახალგორში დაიბადა და იქაურობას უკავშირდება მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
„იქ დავიბადე, იქ ვცხოვრობდი, ყველა ჩემი მოგონება იქაურობას უკავშირდება და ბუნებრივია, იქ მინდა ცხოვრება“.
18 წელი გაურკვევლობაში
2008 წლის ომის შემდეგ ბევრმა ახალგორი დატოვა. მეარაყიშვილმა დარჩენა გადაწყვიტა.
შემდეგ წლები მისთვის სასამართლოებში, დაკითხვებში, შეზღუდვებსა და დევნაში გავიდა. 2017 წელს ის პირველად დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. საბოლოოდ, ეს ბრალდებები 2023 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო მოიხსნა.
ოთხი წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა.
მისი უფლებადაცვითი საქმიანობა არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო ყურადღების საგანი. 2018 წელს მას საქართველოში ნიდერლანდების საელჩომ ადამიანის უფლებათა „ტიტა“ გადასცა, იმავე წელს კი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ კონკურსის გამარჯვებულად დაასახელა. საქართველოს სახალხო დამცველმა ის გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა.
2025 წლის დეკემბერში კი მეარაყიშვილი კვლავ დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ მას „ჯაშუშობა“ დასდო ბრალად და განაცხადა, რომ ის საქართველოს სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ უცხოურ მედიასაშუალებებს ინფორმაციას გადასცემდა. მეარაყიშვილი ბრალდებას უარყოფდა. დაკავების წინ ის ალან გაგლოევთან პირისპირ შეხვედრას ითხოვდა დოკუმენტების საკითხზე და ერთკაციან აქციას აანონსებდა.
გაგლოევმა მისი დაკავების შესახებ განაცხადა, რომ ვინც პროტესტის გამოხატვას აპირებდა, “ეს თბილისში უნდა გაეკეთებინა”.
„წარმოიდგინონ, რომ მოვკვდი“
ახლა მეარაყიშვილი ცდილობს, თბილისის რეალობას მოერგოს, თუმცა მისი მთავარი მიზანი კვლავ ახალგორში დაბრუნებაა.
მისი თქმით, ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ წლების განმავლობაში საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩა.
„წარმოვიდგენ, რომ ციხეში მოვმკვდარიყავი, ალბათ ხელისუფლება ყოველდღე ივლიდა ჩემს სამძიმარზე, ძალიან გრძელ განცხადებებს გააკეთებდა, როგორი ყოჩაღი და შეუპოვარი ვიყავი. წარმოიდგინონ, რომ მოვკვდი და ისე დამელაპარაკონ მაშინ“, – ამბობს ის.

