დღეიდან, პირველი ივნისიდან დაიწყო მუშაობა სამმართველომ, რომელიც საჯარო სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელში მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას გააკონტროლებს. სამმართველო შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე, სიძულვილის ენასთან ბრძოლის საბაბით.

სამმართველოს 10 თანამშრომელი ეყოლება, რომლებიც დააკვირდებიან სოციალურ ქსელებში მოქალაქეთა აზრის გამოხატვის ფორმებს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, საქმეს სასამართლოს გადასცემენ. მათ თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით [გათვალისწინებულ] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების სასამართლოებში გადაგზავნას”, – განაცხადა ქიმბარიშვილმა.

თამთა ქიმბარიშვილი საზოგადოებამ პროევროპული აქციების მონაწილე მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეებიდან გაიცნო. ის შსს-ს წარმოადგენდა ისეთ საქმეებში, როცა აქციაზე დაკავებულ და სამართალდამცველების მიერ ნაცემ მოქალაქეებს უწყება ედავებოდა პოლიციელების დაუმორჩილებლობას, ან წვრილმან ხულიგნობას ; ან, როცა მოქალაქეებს ედავებოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის საბაბით, მაგალითად, პირბადის ტარებას, ფეიერვერკის გაშვების, გზის გადაკეტვას, ან ტროტუარზე დგომას.

თამთა ქიმბარიშვილმა ჯერ კიდევ სოციალური ქსელების მონიტორინგის სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე მოითხოვა ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო. მაშინ ქიმბარიშვილი შსს-ს იურისტი იყო და უწყებას წარმოადგენდა მოქალაქეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებში. 26 თებერვალს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ქიმბარიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და  ლაშა ჩხარტიშვილს ფეისბუქზე, ნეტგაზეთის რეპორტაჟის ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

თამთა ქიმბარიშვილმა მოითხოვა “კოალიცია ცვლილებებისთვის” პრესსამსახურის თანამშრომელი ქალებისთვის, ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიასთვის პატიმრობის შეფარდება. ქიმბარიშვილმა მოითხოვა მოქალაქე საბა ბაღდავაძისთვის პატიმრობის შეფარდება, რომელმაც ზუგდიდელი აქტივისტი ქალების სოლიდარობის ნიშნად პარლამენტთან ფეიერვერკი გაუშვა. სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ქმბარიშივლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბაღდოშვილს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

თამთა ქიმბარიშვილის შუამდგომლობით ცნეს სამართალდამრღვევად მოქალაქე ინგა ბუაძე, რომელსაც “გზის გადაკეტვის” საბაბით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბუაძე აცხადებდა, რომ იმ დღეს, როცა შსს “გზის გადაკეტვას” ედავებოდა – 2025 წლის პირველ ნოემბერს – დაბადების დღე ჰქონდა და აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.


საჯარო კომუნიკაციის “სისტემური მონიტორინგის” სამმართველოს შექმნა მამუკა მდინარაძემ 18 მაისს დააანონსა.

სამმართველო შეიქმნა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე.

“ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი სახელმწიფოსგან ადამიანების დასაცავად შევქმენით. დეპარტამენტი ადამიანებისგან ხელისუფლების დასაცავად არ შეგვიქმნია. ავტორიტარიზმის ლოგიკა ასეთია: ადამიანების დაცვის ინსტრუმენტი ცენზურის ინსტრუმენტად უნდა გადაკეთდეს”, – ასე გამოეხმაურა სამმართველოს შექმნას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.

სწორედ მეზვრიშვილის უწყებაში მუშაობის პერიოდში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი.

ამავე თემაზე: