მამუკა მდინარაძემ დააანონსა სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს საჯარო კომუნიკაციას. მდინარაძე ირწმუნება, რომ ამ ინიციატივის მიზანია “იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი იქნება დაცული, ამა დროულად კი მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება”.
ახალი სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება “მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში”.
„შსს-ში, უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს.
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიურ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში
[…] მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არაა, მის ეფექტურ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ მიმდინარე გამოწვევების კვალდაკვალ ვაძლიერებთ შსს-ს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და ახალი სამმართველო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს და კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას.”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ის ირწმუნება, რომ ინიციატივის მიზანი არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
“იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საუბარი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა. თუმცა, ეს არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი”, – ამბობს მდინარაძე.
კითხვაზე, ვინ და როგორ დაადგენს, კონკრეტული განცხადება, მაგალითად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, აღვივებს თუ არა შუღლს, მდინარაძემ უპასუხა, რომ ამას ჯერ ახალი სამმართველოს თანამშრომლები გააკეთებენ, შემდეგ კი მიმართავენ სასამართლოს, რომელმაც, შესაძლოა სანქციად ადმინისტრაციული პატიმრობაც კი გამოიყენოს.
“კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ამის გარანტიას გაძლევთ. მაგრამ, თუ საყოველთაოდ, მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით – არა მხოლოდ საქართველოში -, საყოველთაოდ, მთელ მსოფლიოში, პრეცედენტულად გავრცელებული მოსაზრებით ითვლება კონკრეტული ფრაზა, წინადადება, ითვლება შეურაცხყოფად, შუღლის გამაღვივებელ წინადადებად თუ ფრაზად, ამ შემთხვევაში, დიახ, მათ შორის, შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ შუღლის გამაღვივებელ მიმართვას გამოიყენებს კონკრეტული ადამიანის, ან პირთა ჯგუფის მიმართ”, – განაცხადა მდინარაძემ.
დაახლოებით 1 თვის წინ, 21 აპრილს მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება შეიქმნა. ირაკლი კობახიძემ ის დანიშნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად. საჯარო კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი მდინარაძის პირველი ინიციატივაა ამ თანამდებობაზე. მან თქვა, რომ ახალი სამმართველოს მიზნებს მისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.
სახელმწიფო მინისტრად დანიშვნამდე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. თუმცა 6 წლის ვადით არჩეულმა მდინარაძემ ეს თანამდებობა 6 თვეში დატოვა.
ამავე თემაზე:
