გორში პაპუნა ლოცულაშვილზე ჯგუფურად ძალადობაში მონაწილე პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.
ეს პოლიციელები არიან:
-
ვლადიმერ გოდერძიშვილი – 22 წლის;
-
ვანიკო მისირელი – 24 წლის;
-
გიორგი ზაკო წკრიალაშვილი – 35 წლის;
-
ალექსი ბადალოვი – 36 წლის;
-
ბესო მალაციძე – 34 წლის;
-
საბა წაველიძე – 19 წლის.
არცერთი მათგანი სხდომას არ ესწრებოდა.
პოლიციელებს ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
მათი ნაწილი, მაგალითად, გოდერძიშვილი და მისერელი, წარდგენილ ბრალს აღიარებს, ნაწილი- არა, ნაწილის პოზიცია კი ამ ეტაპზე უცნობია.
ლოცულაშვილის ინტერესების დამცველები მოითხოვენ, პოლიციელებს ბრალი დაუმძიმდეთ. პოლიციელების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ნაცვლად, გამოძიება უნდა წარმართოს არასათანადო მოპყრობის მუხლით. ეს გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.
“პროკურატურის მხრიდან ჯგუფურად ჩადენილი არასათანადო მოპყრობის არასწორი კვალიფიკაციით შეფასება მნიშვნელოვნად აზიანებს მართლმსაჯულების პროცესს. როდესაც ასეთი ქმედება მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ფასდება, დანაშაულის რეალური სიმძიმე ხელოვნურად მცირდება და იკარგება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სპეციფიკური კონტექსტი”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
29 წლის პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციელები ჯგუფურად, ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა 27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, “ქართლის ამბებმა” გაავრცელა.
ლოცულაშვილის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც მომხდარის თვითმხილველია, ამბობს, რომ ლოცულაშვილის სამსახურიდან შესვენებაზე იყო გამოსული, როცა პოლიციელმა მასზე მანქანა „მიუშვა და ხელი გაუქნია“. ამას ჯერ შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ კი, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიციელებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს. პოლიციელებმა სცემეს თავად აბისონაშვილიც, რომელიც “სიტუაციის განეიტრალებას” ცდილობდა. შსს-ს ვერსიით, პოლიციელებმა ლოცულაშვილი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, “რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე”. შს მინისტრის მოადგილის, დიდი ბრიტანეთს მიერ დასანქცირებული ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ლოცულაშვილმა „ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა“.
ამ ეტაპზე შსს-ში ორი გამოძიება მიმდინარეობს – ერთი, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების მიმართ, მეორე, თავად პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ. ამ უკანასკნელის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
პაპუნა ლოცულაშვილი ამჟამად კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 27 მაისს, ის კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, კვლევების ჩატარების შემდეგ მან უარი თქვა კლინიკაში დარჩენაზე და გაეწერა. თუმცა, 28 მაისის ღამეს მან სახლში 2-ჯერ დაკარგა გონება. მისი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში მიზეზი გაუსაძლისი ტკივილები იყო, რომელიც სახლის პირობებში ვერ გაუყუჩეს. ამის შემდეგ ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და ლოცულაშვილი უკვე მეორედ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ამჯერად, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების განმარტებით, ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე ხელი აქვს ნაღრძობი და აღენიშნება დაჟეჟილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.
ამავე თემაზე:
