გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ჯგუფურად ცემის საქმეზე 6 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით.

“შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან, დაზიანდა მისი  ჯანმრთელობა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 27 მაისის შუადღეს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დღეს, 28 მაისს დააკავეს. თუმცა პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ მტკიცებულებები “უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად” მოიპოვეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ეს მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ, 27 მაისს, გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს დაკავებულზე, პაპუნა ლოცულაშვილზე. ინციდენტის ამსახველი კადრები ადგილობრივმა მედიამ “ქართლის ამბებმა” გაავრცელა.

ლოცულაშვილი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლითაც მიმდინარეობს.

პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავებულის მეგობარიც, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.

აბისონაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულ ლოცულაშვილს, სავარაუდოდ, ცივი იარაღი ჰქონდა. პაპუნა ლოცულაშვილი 28-29 წლისაა და სამსახურში, „საქართველოს ბანკში“, შესვენების შემდეგ ფეხით ბრუნდებოდა უკან, როცა პოლიციელმა მასზე მანქანა „მიუშვა და ხელი გაუქნია“. დაზიანებები აბისონაშვილსაც აქვს. ის მაშინვე გამოუშვეს.

„რატომ მომიშვი მანქანაო, ეგ ლაპარაკი იყო. ყვირილზე გამოვედი. ჩემი მეგობარია [პაპუნა ლოცულაშვილი] და რა ხდება-მეთქი, გასანეიტრალებლად მივედი. ყველამ სცემა. ვინც მოვიდა, ყველამ სცემა. მიზეზი არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ეცოდინება. ცივი იარაღი რომ ჰქონოდა, ჩხუბში გამოიყენებდა. ძირს დაწვენილი ჰყავდათ. ეუბნებოდა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი ვარ, ადვოკატი მოვიდესო. ამაზე უფრო გაგიჟდნენ. ჩხუბის მერე მე ეგრევე გამომიშვეს. ჩემი მეგობარი ძალიან ცუდად იქნება, ჩემი აზრით. არ ვიცი, სად ჰყავთ. ჩემი დაკავება არც უნდოდათ, გაუშვითო ესაო, მაგრამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. გაა*ვი აქედანო და ეგეთი უზრდელური სიტყვები“, — ამბობს ლაშა აბისონაშვილი.

გუშინვე, პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ჟურნალისტები, რომლებმაც მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელეს. ესენი არიან გიორგი ახალკაცი “ქართლის ამბებიდან” და ლადო ბიჭაშვილი ტელეკომპანია “ფორმულადან”.

ამავე თემაზე: