“პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა, რომელიც სხეულზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს, ნდობასა და თავად საზოგადოების ცნობიერებას ამსხვრევს.
ძალმომრეობისა და ჩაგვრის სივრცე ყველაზე მძიმედ სწორედ მაშინ ვლინდება,როდესაც საზოგადოება მხოლოდ ადამიანის ცემასა და გამეტებას კი არ უყურებს, იგი ხედავს, როგორ კარგავს ძალადობის პროცესში საკუთარი ადამიანური სახის ნაწილს ის, ვინც იდეაში ადამიანის უსაფრთხოებისა და დაცვის სახეს უნდა წარმოადგენდეს.
სწორედ ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს: როდესაც ადამიანი ხედავს, როგორ იკრიბება მრავალი ერთის წინააღმდეგ, ბრმად აყოლილი ძალის, აგრესიისა და დაუსჯელობის ილუზიას. როდესაც ძალა, რომელსაც უსაფრთხოების განცდა უნდა მოეტანა, შიშისა და დაუცველობის წყაროდ გადაიქცევა”, – წერს მთავარეპისკოპოსი.
დღეს, 22 მაისს, “ქართლის ამბებმა” გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები ჯგუფურად ძალადობენ მოქალაქეზე. მალევე პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიება დაიწყეს პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით. ინციდენტის თვითმხილველია დაზარალებულის მეგობარი ლაშა აბისუნაშვილი, რომელიც ამბობს, რომ გაშველების მცდელობის შემდეგ პოლიციელებმა ისიც სცემეს. მას დაზიანებები აქვს თავზე და ფეხზე. აბისუნაშვილის თქმით, ფეხით მიმავალ მის მეგობარს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა, კინაღამ დააჯახა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და კონფლიქტი.
“ჩემი მეგობარი სამსახურიდან ფეხით მიდიოდა სახლში, შესვენება ჰქონდა. ამბობდა, მანქანა მომიშვირეს და ხელი მომიქნიესო. მე მაშინ მივედი, როდესაც ძირს დაწვენილი ჰყავდათ. ეუბნებოდა, საქართველოს ბანკის თანამშრომელი ვარ, ადვოკატი მოვიდესო. ამაზე უფრო გაგიჟდნენ… ვინც მოვიდა, ყველა პოლიციელი გვცემდა, ყველა. ჩემზე მეტად ისაა ნაცემი. თვითონაც არ ეცოდინებათ, რატომ გვცემდნენ”, – ჰყვება ლაშა აბისონაშვილი.
