გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი, ექიმების გადაწყვეტილებით, კლინიკაში რჩება. ვივამედიდან გამოწერის შემდეგ, გუშინ, გვიან ღამით იგი მწვავე ტკივილებით კვლავ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ამჯერად, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, სახლში მან ორჯერ დაკარგა გონება. ორივე შემთხვევაში მიზეზი გაუსაძლისი ტკივილები იყო, რომელიც სახლის პირობებში ვერ გაუყუჩეს. ამის შემდეგ ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და ლოცულაშვილი უკვე მეორედ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, მანანა ლობჟანიძის კომენტარი ლოცულაშვილის შესახებ.
“იმყოფებოდა ვივამედის კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გამოეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა, აღენიშნა გულისრევა, ჰქონდა თავის ტკივილი, რის გამოც გამოძახებულმა სასწრაფომ პაციენტი შემოიყვანა ჩვენს კლინიკაში. გონების კარგვის მომენტი იყო. ტკივილებმა გამოიწვია მისი ეს მდგომარეობა. ახლა ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე”, – ამბობს ექიმი.
პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციელები ჯგუფურად, ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა 27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, “ქართლის ამბებმა” გაავრცელა.
ლოცულაშვილის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც მომხდარის თვითმხილველია, ამბობს, რომ ლოცულაშვილის სამსახურიდან შესვენებაზე იყო გამოსული, როცა პოლიციელმა მასზე მანქანა „მიუშვა და ხელი გაუქნია“. ამას ჯერ შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ კი, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიციელებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს. პოლიციელებმა სცემეს თავად აბისონაშვილიც, რომელიც “სიტუაციის განეიტრალებას” ცდილობდა. შსს-ს ვერსიით, პოლიციელებმა ლოცულაშვილი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, “რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე”. შს მინისტრის მოადგილის, დიდი ბრიტანეთს მიერ დასანქცირებული ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ლოცულაშვილმა “ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა”.
ამ ეტაპზე შსს-ში ორი გამოძიება მიმდინარეობს – ერთი, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების მიმართ, მეორე, თავად პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ. 6 პოლიციელს ბრალი წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. ხოლო პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ლოცულაშვილს ინტერესების დამცველები მოითხოვენ, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შეწყდეს, ხოლო მასზე მოძალადე პოლიციელებს ბრალი დაუმძიმდეთ. პოლიციელების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ნაცვლად, გამოძიება უნდა წარმართოს არასათანადო მოპყრობის მუხლოთ. ეს გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.
“პროკურატურის მხრიდან ჯგუფურად ჩადენილი არასათანადო მოპყრობის არასწორი კვალიფიკაციით შეფასება მნიშვნელოვნად აზიანებს მართლმსაჯულების პროცესს. როდესაც ასეთი ქმედება მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ფასდება, დანაშაულის რეალური სიმძიმე ხელოვნურად მცირდება და იკარგება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სპეციფიკური კონტექსტი”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
