განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოფიციალური პოზიცია აფხაზეთის საკითხზე „წარსულის იდეოლოგიურ დოგმებზეა აგებული“ და მიზნად ისახავს აფხაზეთის სუვერენიტეტის დისკრედიტაციას.
დე ფაქტო უწყების შეფასებით, ქართული მხარე კვლავ ავრცელებს თეზას „ოკუპაციის“ შესახებ, თუმცა „შეგნებულად უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ეფუძნება სრულფასოვან სახელმწიფოთაშორის პარტნიორობას“.
„რუსული სამხედრო ძალების ყოფნა შეკავების ინსტრუმენტია“
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებს მოიცავს. დე ფაქტო საგარეო სამინისტრო მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ობიექტების განთავსება და ერთობლივი წვრთნები „საქართველოს შეკავების უალტერნატივო სტრატეგიული ინსტრუმენტია“.
„საქართველოს მხრიდან მრავალწლიანი ძალისმიერი მიდგომების გათვალისწინებით, სახელმწიფო საზღვრების მოწყობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონიერ უფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმის აეროპორტი და „საჰაერო ბლოკადის გარღვევა“
სოხუმმა თბილისი გააკრიტიკა აფხაზეთის აეროპორტის ამოქმედების წინააღმდეგ მცდელობების გამოც. განცხადების თანახმად, საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობა უკავშირდება ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
დე ფაქტო საგარეო სამინისტროს განცხადებით, აეროპორტის ამოქმედება „საჰაერო ბლოკადის გარღვევის“ ნაწილია, ხოლო ავიამიმოსვლის აღდგენა აფხაზეთის მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლების რეალიზაციას ემსახურება.
„ინტელექტუალური იზოლაცია“
სოხუმი ასევე ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში თბილისი ახორციელებდა აფხაზეთის მოსახლეობის „ინტელექტუალურ იზოლაციას“ და მოქალაქეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომას უზღუდავდა.
მათივე განცხადებით, ჰუმანიტარული კავშირების ალტერნატიული მიმართულებების განვითარება ამ შეზღუდვების განეიტრალებას ისახავს მიზნად და აფხაზეთისთვის პროფესიული კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.
თბილისს ძალისმიერ სცენარში ადანაშაულებენ
განცხადების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმებს ეხება. დე ფაქტო უწყება ყურადღებას ამახვილებს 2025 წელს საგარეო დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანებასა და 2026 წლისთვის დაგეგმილ შემდგომ ცენტრალიზაციაზე.
სოხუმის შეფასებით, ეს ცვლილებები მიუთითებს, რომ თბილისი რესურსების კონსოლიდაციას ახდენს აფხაზეთის წინააღმდეგ.
„მმართველობითი და ოპერატიული შესაძლებლობების ასეთი კონცენტრაცია აჩვენებს, რომ საქართველო არ ამბობს უარს კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის გეგმებზე“, – აცხადებენ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო სამინისტროში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურ ანგარიშებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მოიხსენიებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს. თბილისი ასევე გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გამო.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
