რუსეთსა და სომხეთს შორის რიგი პოლიტიკური უთანხმოებების ფონზე, რუსეთის სახელმწიფო მარკირების სისტემა „ჩესტნი ზნაკმა“ შეაჩერა სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ პარტიის რეალიზაცია როგორც ოფლაინ, ისე ონლაინ მაღაზიებში. ამის შესახებ РБК-ს განუცხადა მარკირების განვითარების პერსპექტიული ტექნოლოგიების ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რევაზ იუსუპოვმა.

მისი თქმით, ბრუნვაში იყო 338 ათასი ბოთლი, რომლებიც ამჟამად დაბლოკილია შემოწმების დასრულებამდე.

შეჩერების მიზეზად დასახელდა “როსპოტრებნადზორის” წერილი, რომელშიც აღნიშნულია „რუსეთის მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შესაძლო ზიანის თავიდან ასაცილებლად გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა“. მიზეზად მითითებულია „სავალდებულო მოთხოვნების დარღვევა“.

აკრძალვა შეეხო პროდუქტს, რომლის წარმოების თარიღებია 2026 წლის 17 თებერვალი და 5 მარტი. როგორც იუსუპოვმა აღნიშნა, „შემოწმების დასრულებამდე პროდუქტი მომხმარებლამდე არ მივა“.

მსგავს შეზღუდვებს რუსეთი სომხეთს, ისევე როგორც სხვა ე.წ. მოკავშირე ქვეყნებს, როგორც წესი, პოლიტიკურ საკითხებში უთანხმოებების ფონზე უწესებს.

გუშინ, 27 აპრილს სომხეთში ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისიის წინააღმდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა. 

გუშინვე მოსკოვმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სომხეთში NGO-ები რუსეთის დისკრედიტაციას ეწევიან.

რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის ოპონენტი პოლიტიკური ძალები შეძლებენ სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, რითაც ღიად მიანიშნა ფაშინიანს, რომ მხარს უჭერს რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტიას არჩევნებში.

ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? – სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება