“სომხეთში ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისია პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტია და არა რეალური დახმარების საშუალება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, უკანონო ფინანსურ ნაკადებთან ბრძოლის, კიბერშეტევებისა და საინფორმაციო მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ევროკავშირი ცდილობს გავლენის ბერკეტების მოპოვებას სომხეთის სამინისტროებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით.

„მისია, რომელიც სიტყვიერად სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევასთან ბრძოლას აპირებს, თავად არის ასეთი ჩარევის ინსტრუმენტი“, – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვამ ასევე პარალელი გაავლო ევროკავშირის ანალოგიურ მისიასთან მოლდოვაში და ეჭვი გამოთქვა მის რეალურ სარგებლიანობაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით.

“ევროკავშირის ყოფნის გაფართოება სამხრეთ კავკასიაში ეწინააღმდეგება რეგიონული პასუხისმგებლობის პრინციპს და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის”. აქვე, მან იმედი გამოთქვა, რომ “სომხური მხარე არ დაუშვებს მისიის გამოყენებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით”.

თავად ერევანი მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სომხეთში ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისია გაიგზავნება.

„სომხეთი მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილებას, სომხეთის რესპუბლიკაში გაგზავნოს ახალი ევროკავშირის სამოქალაქო მისია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სომხეთის დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებას, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას, მათ შორის- დეზინფორმაციასთან ბრძოლას, კიბერშეტევების აღკვეთას და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ მოქმედებას”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ოფიციალური ცნობითვე, მისია თავდაპირველად ორი წლის ვადით განთავსდება და თავისი საქმიანობით ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას აღნიშნულ სფეროებში, ასევე, სომხური საზოგადოების მდგრადობის გაზრდას თანამედროვე გამოწვევების წინაშე.

სომხეთმა ევროკავშირს არჩევნების წინ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში დახმარებისთვის მიმართა