პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ბრალდებულების, ზურაბ მენთეშაშვილისა და ზურაბ ჭავჭანიძის კადრები, რომლებიც მიმდინარე წლის იანვარში, ასევე პირველ და 2 თებერვალსაა გადაღებული. ამ კადრებით ჰპასუხობს უწყება მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუას მიერ დღეს, 11 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრალდებული კარცერში გადაიყვანეს, სადაც არაადამიანურ პირობებში იმყოფება.

პენიტენციურის მიერ გამოქვეყნებულ 2 თვის წინანდელ ვიდეოს თან ახლავს განცხადება, სადაც განმარტებულია, რომ მენთეშაშვილი არა კარცერში, არამედ შიდა კლასიფიკაციის საკანში, ე.წ. საკარანტინო საკანშია განთავსებული. საკარანტინო ზონა არის დროებითი სივრცე დაწესებულებაში ახალმიყვანილი პატიმრებისთვის სამედიცინო შემოწმებისა და ადაპტაციის მიზნით. მენთეშაშვილი, რომელიც 4 თვეზე მეტია, რაც დაკავებულია, წესით, კარანტინში არ უნდა იყოს. ადვოკატი ჯანო ჭკადუა ამბობს, რომ კარცერში გადაყვანას სჭირდება საფუძველი, მაგალითად, პატიმრის მიერ რამე შიდა რეგულაციის დარღვევა. ასეთი საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში პატიმარს დისციპლინური სასჯელი ვერ დაეკისრება. თუმცა, როცა უნდათ ვინმეს უსაფუძვლო დასჯა, ის შეიძლება გადაიყვანონ არა კარცერში, არამედ სწორედ კარანტინში. ჭკადუას განმარტებით, საკარანტინო სივრცეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე აქამდეც არაერთ პატიმარს უსაუბრია. ადვოკატი ამბობს, რომ მენთეშაშვილი კარანტინში სწორედ დასჯის მიზნით გადაიყვანეს.

რაც შეეხება პენიტენციურის განცხადების დანარჩენ ნაწილს, საკმაოდ ვრცელ ტექსტში უწყება არ საუბრობს მენთეშაშვილის საკნის პირობებზე. მათ შორის იმაზე, რომ “არა აქვს პირსახოცი, არა აქვს ხელის საბანი საშუალებები, არა აქვს კბილის ჯაგრისი და ამასთანავე საკანში არის სიბინძურე. არ აქვთ იმის საშუალება, რომ ეს საკანი დაასუფთაონ”.

“როგორც ამბობს [მენთეშაშვილი], საკანში არიან ტარაკნები, რაც ასევე დამატებით დისკომფორტს ქმნის, რა თქმა უნდა, და მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა, ის არ იქნა გადაყვანილი სხვა საკანში. როგორც თვითონ განმარტავს, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ მას რამდენჯერმე მოსთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა და მიუხედავად აღნიშნული მოთხოვნისა, მას შიმშილობა არ შეუწყვეტია”, – ამბობდა ჭკადუა დღეს დილით, რის საპასუხოდაც პენიტენციურმა პატიმრების ვიდეო გაავრცელა, სადაც ჭამენ.

ჯანო ჭკადუა

როგორც აღვნიშნეთ უწყება საერთოდ არ ახსენებს პატიმრების საკანში არსებულ პირობებს, სამაგიეროდ, ვრცლად საუბრობს იმაზე, რომ მენთეშაშვილიცა და ჭავჭანიძეც იღებენ საკვებს, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ შიმშილობის შესახებ განაცხადეს.

პენიტენციურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი იღებენ როგორც მათ მიერ მიწოდებულ, ისე მაღაზიაში ნაყიდ საკვებს. უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებობს ამ ყველაფრის დამამტკიცებელი ოქმები და სხვა დოკუმენტაცია, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები. პატიმრების არასათანადო და არაჰიგიენურ პირობებში ყოფნის შესახებ ინფორმაციის საპასუხოდ გავრცელებულ ვიდეოშიც ისეთი კადრებია გამოყენებული, სადაც ბრალდებულები ჭამენ.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ვიდეომეთვალყურეობის შედეგად დაარქივებული მასალის გასაჯაროებას, რომელშიც დაფიქსირებულია ბრალდებულების ზურაბ ჭავჭანიძისა და ზურაბ მეთეშაშვილის კონფლიქტი საკვების ერთმანეთისგან ფარულად მიღების გამო. ასევე, ასახულია მოშიმშილე ბრალდებულების მიერ საკვების მიღების კადრები.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს და ზურაბ მენთეშაშვილს გამოცხადებული აქვთ შიმშილობა, ორივე ბრალდებული იკვებება სრულყოფილად, იღებენ როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

აქვე დამატებით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულმა დენის კულანინმა 2026 წლის 17 თებერვალს დააფიქსირა, რომ აცხადებდა შიმშილობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, შიმშილობის გამოცხადების დღიდან, მსჯავრდებული ჩვეულებრივ იღებს როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რასთან დაკავშირებითაც დაწესებულებაში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები”, – წერია პენიტენციურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა დაკავებიდან რამდენიმე დღეში, 2025 წლის 1 ნოემბერს გამოაცხადა. მისი ადვოკატი, ჯანო ჭკადუა განმარტავს, რომ ეს არის პროტესტის ფორმა და იმისთვის, რომ ძალიან არ დაუძლურდეს, ბრალდებული პერიოდულად ცვლის შიმშილობის ფორმებს და არის შემთხვევები, როცა იღებს საკვების ნახევარ ულუფას.

“ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე შიმშილობის სხვადასხვა ფორმებს მიმართავდა, მათ შორის არასრულ შიმშილობას, როდესაც საკვების მიღება ხდება, მაგრამ ის არ არის საკმარისი ენერგიის საერთო დანახარჯებთან შედარებით. დღეის მდგომარეობით კი, ის სრულ შიმშილობაზეა გადასული. შესაბამისად, კადრები, რომლებიც გაავრცელა პენიტენციურმა დაწესებულებამ, ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ზურაბ მენთეშაშვილი საკვებს არასრული რაოდენობით იღებდა. პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებული კადრების მიზანია შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დაარწმუნოს ისინი, რომ თითქოს მოშიმშილე პირები საკვების გამო კამათობენ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს”, – წერს ჯანო ჭკადუა.
ზურაბ მენთეშაშვილი

ადვოკატი ეხმაურება პენიტენციურის განცხადების იმ ნაწილსაც, სადაც აღნიშნულია, რომ მენთეშაშვილსა და ჭავჭანიძეს კონფლიქტი ჰქონდათ. ადვოკატი ამბობს, რომ მენთეშაშვილსა და ჭავჭანიძეს შორის კონფლიქტი საკვებს არ უკავშირდება. რაც მთავარია, ეს ამბავი რამდენიმე კვირის წინ იყო, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი ეხება მენთეშაშვილის უახლოეს წარსულს. ჭკადუამ მენთეშაშვილი ციხეში გუშინ, 10 მარტს მოინახულა და მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სწორედ გუშინ მიიღო.

“მათი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო ჩვენთვის, თუმცა ზურაბ მენთეშაშვილის თხოვნით აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ იყო მიწოდებული. ასევე, ციხის ადმინისტრაციამ აღნიშნული ფაქტის გამო ორივე ბრალდებულს შეუზღუდა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და ორივე მათგანი გადაყვანილი იყო საკარანტინო საკანში.

ზემოთ აღწერილი ფაქტის შემდეგ, როგორც ცნობილია, ზურაბ ჭავჭანიძემ შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო ზურაბ მენთეშაშვილმა კვლავ გააგრძელა შიმშილობა. საკარანტინო საკნიდან იგი D2 კორპუსის 118-ე საკანში შეასახლეს სხვა მოშიმშილესთან ერთად. საკანში შესვლისთანავე მათ შენიშნეს უამრავი ტარაკანი, რის გამოც ბრალდებულებმა მოითხოვეს საკანში დეზინფექციის ჩატარება, რაც რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ შესრულდა.

საკანში, სადაც ციხის ადმინისტრაციამ ტარაკნების განადგურების მიზნით ჩაატარა დეზინფექცია და სადაც მინიმუმ სამი დღის განმავლობაში არ უნდა შეეყვანათ ბრალდებულები, ისინი მხოლოდ ორ საათში დააბრუნეს უკან. ზურაბ მენთეშაშვილმა განმარტა, რომ 118-ე საკანში დაბრუნებისას საშინელი სუნი იდგა და ყველგან საწამლავის კვალი იყო. ასეთ საკანში მოუწიათ რამდენიმე დღის გატარება ზურაბ მენთეშაშვილს და მის თანამესაკნეს, დენის კულანინს

[…] 10 მარტს პირადად შევხვდი ზურაბ მენთეშაშვილს და მომაწოდა ინფორმაცია, თუ რა პირობებში იმყოფება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. კერძოდ, მისი განმარტებით, ბოლო ერთი კვირაა საკანი არ გაუსუფთავებიათ, რადგან საჭირო ინვენტარს ციხის ადმინისტრაცია არ აწვდის. მათ არ აქვთ ხელსახოცი, რომ ხელი გაიმშრალონ; არც ხელის საპონი, რომ ხელი დაიბანონ; არ აქვთ კბილის ჯაგრისი და არც თეთრეული. ამასთან, როგორც D2 კორპუსის 118-ე საკანში, აქაც საკანში ტარაკნებია, რაც იქ ყოფნას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.

ყოველივე ზემოთ აღწერილს, კერძოდ ბოლო კვირაში საკარანტინო საკანში მის გადაყვანას, ზურაბ მენთეშაშვილი სწორედ მის შიმშილობას უკავშირებს. როგორც მან განმარტა, ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, რომ თუ შიმშილობას შეწყვეტდა, იმავე დღეს გადაიყვანდნენ სხვა საკანში”, – წერს ჭკადუა.

რაც შეეხება დენის კულანინს, დღეს მისმა ადვოკატმაც ისაუბრა კარცერში უსაფუძვლოდ გადაყვანის შემთხვევებზე. თუმცა პენიტენციურის განცხადებაში ამის შესახებ არაფერი წერია. უწყება მხოლოდ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ კულანინი საკვებს იღებს.

“ბოლო ორ თვეში უკვე ორჯერ მოახვედრეს ეს ადამიანი კარანტინში. მიზეზს არ უმარტავენ, უბრალოდ, ეუბნებიან, რომ “წამოდი”, გადაჰყავთ კარანტინში. რა მოხდა, რისთვის გადაიყვანეს, არ ვიცით. ბოლო შემთხვევა მოხდა 3 მარტს, როდესაც ის თავის მესაკნე ზურა მენთეშაშვილთან ერთად გამოიყვანეს საკნიდან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაიყვანეს კარანტინში. დაიწყო მან შიმშილობა”, – უთხრა TV პირველს დიმიტრი ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ პატიმართა შესახებ საჯაროდ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ პენიტენციურ სამსახურს აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია პატიმართა ვიდეოჩანაწერები. მაგალითად, მათ გაასაჯაროვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები; ასევე, პენიტენციურმა გაასაჯაროვა გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის კადრებიც. ამ და სხვა მსგავს შემთხვევებში უწყება კადრების გავრცელების საფუძვლად “მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს” ასახელებს. თუმცა, ზოგჯერ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, უწყებაში აცხადებენ, რომ კადრებს ვერ გაასაჯაროებენ და მიზეზად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს იშველიებენ. ასე მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, როცა უწყებამ უარყო, რომ შვილის დაბადების დღეზე ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმრო დროებით დატოვა.


61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 31 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც პროკურატურის ვერსიით, პროევროპული აქციის მიმდინარეობისას გზის სავალი ნაწილი მეორედ გადაკეტა. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ უწყება ჩათვლის, რომ გზის სავალი ნაწილი – როგორც საავტომობილო, ისე საფეხმავლო – მეორედ გადაკეტე, დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას. მენთეშაშვილსაც სწორედ ამ საფუძვლით წარიდგინეს ბრალი.

ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, არის პირველი ადამიანი, რომელსაც გზის გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ.