ახალი ამბები

ფაშინიანი ევროკავშირის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს

4 მარტი, 2026 •
ფაშინიანი ევროკავშირის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა.

ფაშინიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკურ, ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე. მან მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესის მხარდაჭერისთვის.

„დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის“, — მიმართა ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს.

ფაშინიანმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიმართ, „რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს“ და ისურვა, საქართველომაც შეძლოს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევა არ არის მარტივი. ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ დავძლიოთ არსებული პრობლემები და ეს გამოწვევები. მე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული, საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მოვახსენე, თუ რა ხდება TRIPP-ის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესში და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე მოვუყევი მას სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ.

და მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვთქვი წარსულში, სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში: ამ კონტექსტში საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ის საკითხია, რაზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრომლებთ მომავალშიც და აქ ხელშესახები შედეგებიც გვექნება“, — განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სომხეთთან მეგობრობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი რთული ვითარების ფონზე.

„მოხარულნი ვართ, რომ ძალიან დადებითი დინამიკაა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მოხარულნი ვართ, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველვყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა, გავუსვათ ხაზი ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს“, — განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი