ახალი ამბები

ცხოვრება საარსებო მინიმუმის ზღვარზე

23 ნოემბერი, 2010 • 1504
ცხოვრება საარსებო მინიმუმის ზღვარზე

იმისათვის, რომ ადამიანმა არსებობა შეძლოს, მას თვეში მინიმუმ 145 ლარი ჭირდება, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.   

82 წლის ლოლა გოროზია ამბობს, რომ მხოლოდ პენსიის– 87 ლარის იმედად თვიდან თვემდე თავის გატანას ვერ შეძლებდა.

”ამ ფულის იმედად შიმშილი თუ არა, ავადმყოფობა მაინც მომკლავდა”, – უთხრა მან ნეტგაზეთს. 82 წლის მოხუცს აწუხებს წნევა, წითელი ქარი, რამდენიმე თვეა ფეხები გაუსივდა. თვეში მინიმუმ 60 ლარის წამალი და ექიმთან ერთხელ ვიზიტი მაინც სჭირდება.

საქართველოში მოხუცის პენსია ფიქსირებულად 80 ლარია და მას ემატება მაქსიმუმ 10 ლარი სტაჟისა და ნამსახურეობის მიხედვით. თუმცა ამ თანხას საარსებო მინიმუმამდე კიდევ რამდენიმე ათეული ლარი აკლია.

საქართველოში საარსებო მინიმუმი ყოველთვიურად სურსათის ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით იცვლება. მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე საარსებო მინიმუმის ფასი დაახლოებით 18 ლარით გაიზარდა. ამჟამად ერთი ზრდასრული ადამიანისთვის საარსებო მინიმუმად გათვალისწინებულია 145 –ლარიანი სამომხმარებლო კალათა. ამ თანხაში შედის ყველა ის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტი, რომელიც ადამიანს არსებობისთვის ჭირდება. მათ შორის: ხორცეული, ტკბილეული, პური, ბოსტნეული, ხილი, ჰიგიენური მოვლის საშუალებები და ა.შ.

ორსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმად გათვალისწინებულია 206 ლარი, სამსულიანისთვის – 232, ოთხსულიანისთვის – 257,  ხუთსულიანისთვის – 290, ექვსულიანი და მეტისთვისნ – 342 ლარი.

სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ–გვერდზე მოცემულია ყველა იმ პროდუქტის რაოდენობა, რომელიც ადამიანმა ერთი თვის მანძილზე აუცილებლად უნდა მიიღოს. ეს მინიმუმი ყოველდღიურად ასე გამოიყურება: ხორცი-40 გრ, ბურღულეული-10 გრ, კვერცხი-0.5, პური-250გრ, ხაჭო-15გრ, კარტოფილი-150 გრ და ა.შ.   სამომხმარებლო კალათაში ჩამოთვლილია 40 სხვადასხვა ნაწარმი, რომელიც ადამიანისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს.

ნეტგაზეთმა ბაზრობებისა და სუპერმარკეტების მოვლის შემდეგ დაიანგარიშა, რომ ერთ ზრდასრულ ადამიანს, დღეს არსებული ფასების მიხედვით, საკვების მინიმალური რაოდენობის შესაძენად თვეში მინიმუმ 125 ლარი ჭირდება. ნეტგაზეთმა საორიენტაციოდ, ძირითადად, ბაზრობებზე არსებული იაფი სურსათის ფასი გამოიყენა, რადგან თუკი მომხმარებელი პროდუქტებს სუპერმარკეტში შეიძენს, სამომხმარებლო კალათა გაცილებით ძვირი დაჯდება. მაგალითად, ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში 1კგ ბრინჯი 5.40 ლარი ღირს, ბაზრობაზე კი-2 ლარი, პომიდორი სუპერმარკეტში – 6 ლარი, ბაზრობაზე-3.50 ლარი, ძროხის ხორცი სუპერმარკეტში დახარისხებულია და ფასი  8 ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. ბაზრობებზე და პატარა მაღაზიებში კი მას სტანდარტულ ფასად – 8 ლარად ყიდიან. იგივე ითქმის ყველზე. იმერული ყველი სუპერმარკეტში 9-10 ლარი ღირს, ბაზრობაზე კი-7.

Image 2636
Image 2636

მადონა, 40 წლის დიასახლისი,  საჭირო სურსათს კვირაში ერთხელ ყოფილი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე   ყიდულობს. ისინი ოჯახში ოთხნი არიან: ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი. მადონა ამბობს, რომ ის კვირაში მხოლოდ საჭმელში 60-70 ლარს  ხარჯავს, ოჯახის  შემოსავალი კი მხოლოდ 450 ლარია, რომელიც თვიდან-თვემდე არ ჰყოფნით.

ის  სურსათის გაძვირებას თვიდან თვემდე სულ უფრო ხშირად გრძნობს: ”გასულ წელს უფრო ბევრ სურსათს ვყიდულობდი, ბავშვებს უფრო მეტი ტკბილეულით ვამარაგებდი, მურაბებს ბევრს ვაკეთებდი. ახლა კი ეკონომიის გაკეთება მიწევს. თან, ბავშვებს სკოლაში სულ რაღაც სჭირდებათ. თვიდან თვემდე ვალებით ვცხოვრობ,” – უთხრა ნეტგაზეთ 40 წლის დიასახლისმა. მისი ქმარი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშად მუშაობს.  კომპანიას კი მის მიმართ რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება აქვს.

”ჯერ კიდევ გვაქვს იმ ხელფასის ამოღების იმედი, თორემ აქამდეც ავტეხდით ხმაურს”-ამბობს მადონა.

55 წლის ინეზამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გასულ წელთან შედარებით, ძირითადად, ხილ-ბოსტნეულისა და შაქრის  გაძვირება შეამჩნია. მან შარშან ათეულობით კილო მურაბა, კომპოტი და სხვა მზა საკვები მოამზადა ზამთრისთვის.

”წელს ზამთრისთვის თითქმის არაფერი გამიკეთებია, არც მურაბები, არც პომიდვრის საწებელი, არც აჯაფსანდალი. შაქარი 2 ლარი ღირს, ხილი კი – უფრო ძვირი. 5–ლარიანი გარგრისგან მურაბა როგორ გავაკეთო? შარშან გარგარს 2 ლარად ვყიდულობდი, ვაშლს-50 თეთრად, ლეღვსაც ეგრე, წელს კი სამურაბე ხილი 3 ლარზე ნაკლები არ ღირდა” – ამბობს დიასახლისი. 

 გაზრდილი კომუნალური გადასახადებისა და სურსათის ფასების გამო ინეზა და მისი ოჯახი, ძირითადად, ეკონომიას ხორცის, ყველისა და ტკბილეულის ყიდვისას აკეთებენ.

”ხორცი და ყველი შეიძლება თვეში ერთხელ ვიყიდოთ, ისიც – მცირე რაოდენობით. ჩვენი ძირითადი მენიუ კარტოფილის, კომბოსტოს, ლობიოს და სხვა ბოსტნეულისგან შედგება”-უთხრა ნეტგაზეთს ინეზამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი