ახალი ამბები

“ოცნების” რიგითი ექსპერტი” – ვინ განიხილავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეს

23 თებერვალი, 2026 •
“ოცნების” რიგითი ექსპერტი” – ვინ განიხილავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეს

დღეს, 23 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს განიხილავს მოსამართლე თამარ მახარობლიძე.

მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებასა. ასევე, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებს.

პირველი შუამდგომლობა, რომელიც სხდომაზე დააყენეს, მახარობლიძის აცილებას შეეხებოდა. გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ ამ შუამდგომლობის საფუძვლად მიუთითა მახარობლიძის “ღიად და საჯაროდ გამოხატული მიკერძოებულობა” “ქართული ოცნების” მიმართ,  ამის საპირისპიროდ  კი- მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ.

ფურცელაძის შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა ადვოკატებიც. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მახარობლიძე თავის პოლიტიკურ შეხედულებებს საჯაროდ გამოხატავდა არა მხოლოდ მოსამართლეობამდე პერიოდში, არამედ ამ სტატუსის მიღების შემდეგაც.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დამატებით საფუძვლად მიუთითა კითხვის ნიშნები მახარობლიძის კომპეტენციასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, ბასილაიამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გაუქმებული აქვს მისი მოსამართლეობის დაახლოებით ერთწლიან პერიოდში მიღებული არაერთი გადაწყვეტილება. ადვოკატის შეფასებით, სწორედ ეს ფაქტორი აჩენს კითხვებს თამარ მახარობლიძის კვალიფიკაციის შესახებ.

ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გაიხსენა მახარობლიძის 2019 წლის განცხადება, სადაც გვარამიას “რუსთავი 2-თან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ მოიხსენიებდა მაშინ, როცა თავად ამ საქმის განმხილველ მოსამართლეს გადაწყვეტილება მიღებულო არ ჰქონდა. მაშინ თავად მახარობლიძე მოსამართლე არ ყოფილა.

“იგი [ნიკა გვარამია] ცდილობს თავისი იმ ქმედების გადაფარვას, რომელსაც სისხლის სამართალში ჰქვია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე. ნათელია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს გამოძიების ყურადღებას”, – წერდა მახარობლიძე 2019 წელს გვარამიას შესახებ.

გვარამიამ დღევანდელ სხდომაზევე ჰკითხა მოსამართლეს, იმავეს ფიქრობდა თუ არა დღესაც. თუმცა მახარობლიძემ ბრალდებულს პასუხი არ გასცა.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ პროკურორები, ანი ხუბეჯიშვილი და ლაშა კოტრიკაძე. ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ მოსამართლეს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, შეუძლია ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები. პროკურორმა კოტრიკაძემ თქვა, რომ მას სწამს მოსამართლე მახარობლიძის კეთილსინდისიერების.

თამარ მახარობლიძემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან განმარტა, რომ მის პოლიტიკურ პოზიციებს  მოსამართლეობამდე აფიქსირებდა საჯაროდ და მაშინ ამაზე შეზღუდვა არ ჰქონდა.

მოგვიანებით, თამარ მახარობლიძემ დღევანდელი სხდომა დახურა. მახარობლიძის ეს გადაწყვეტილება ადვოკატებთან კამათს მოჰყვა, რა დროსაც თქვა, რომ “დარბაზს ვეღარ აკონტროლებს”, შემდეგ კი ჟურნალისტები  და სხვა დამსწრეები გაუშვა.

ნეტგაზეთმა შეაგროვა საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია მახარობლიძის შესახებ:

34 წლის თამარ მახარობლიძის სამოსამართლეო გამოცდილება სულ რაღაც ერთი წელი და ორი თვეა. აქედან საქმეების არსებითი განხილვის უფლება მხოლოდ 4 თვეა, რაც აქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მოსამართლეების უმრავლესობის მსგავსად, მან ფიცი 2024 წლის დეკემბერში დადო. თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაპირველად მხოლოდ საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომებს ხელმძღვანელობდა, სისხლის სამართლის საქმეების არსებითად განმხილველ მოსამართლეთა კოლეგიაში კი 2025 წლის ოქტომბრიდან ირიცხება.

ამ მცირე დროის განმავლობაში მახარობლიძემ მედიას არაერთხელ დაამახსოვრა თავი, თუმცა სანამ მის სამოსამართლეო პრაქტიკას გაგაცნობთ, თვალი გადავავლოთ მის საჯარო პოზიციებს მოსამართლეობამდე პერიოდში:

2019-2020 წლებში მახარობლიძის, როგორც ე.წ. ექსპერტის, მოსაზრებებს აქტიურად ავრცელებდნენ სხვადასხვა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის საინფორმაციო სააგენტოები, მათ შორის ტელეკომპანია “იმედი”. საკმაოდ ფართოა იმ თემების სპექტრი, რომლებზეც მახარობლიძე, როგორც იურისტი, სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა სააგენტოსთან აფიქსირებდა პოზიციას – დაწყებული კოვიდ-პანდემიის დროს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის პოლიტიკის გამართლებით, დასრულებული სანქცირებული და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ე.წ. სასამართლოს კლანის ლიდერად მოაზრებული ლევან მურუსიძის მხარდაჭერით.

მურუსიძეს მახარობლიძე “პოლიტიკური დევნის” მსხვერპლად მოიხსენიებდა და ამტკიცებდა, რომ “[სანდრო] გირგვლიანის საქმის პერსონიფიცირება მოხდა მხოლოდ ლევან მურუსიძეზე და ერთ ინსტანციაზე, რაც არასწორია”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე იძებნება მახარობლიძის 2019 წლის ფეისბუქ-სტატუსი, სადაც ის ირწმუნება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასამართლოს დამოუკიდებლობა გაიზარდა. მისი მტკიცებით, სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნებსაც კი უსწრებს. უფრო მეტიც, მახარობლიძე იურისტთა იმ ნაწილს, ვისაც სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ კითხვები აქვს, “სასამართლო ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში” ადანაშაულებს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის “დაქვემდებარებულ” დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული”, – წერდა მახარობლიძე 2019 წელს და ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობას “ქართული ოცნების” უდიდეს, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მონაპოვარს” უწოდებდა.

“ყველას ერთად რომ გვასამართლებენ და 15 წლით გვემუქრებიან, მაგ საქმეზე მოსამართლედ დაგვინიშნეს ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მუშაობდა ოცნების რიგით უცნობ ექსპერტად, რომელსაც ქარდავდნენ იმედი და პოსტვი, რომელსაც გაპრავებული აქვს ოცნების უკანასკნელი წლების ყველა მავნებლობა და რომელიც, მათ შორის, საჯაროდ ითხოვდა გვარამიას 9-დან 12 წლამდე ციხეში გაშვებას.

აცილებაზე უარი თქვა პროკურატურამ, ეგ ყველაფერი მოსამართლის ფიცის დადებამდე იყოო. ფიცის მერე ენით აუწერელი მეტამორფოზა განიცადა ამ ადამიანმა და, დედას ვფიცავართ, ობიექტურობის მეტრი გახდაო. 5 წუთის წინ ყველა გაყარა გარეთ, სხვა მხრივ მხიარული პროცესია”, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ, რაც მახარობლიძემ სხდომა დახურა და დარბაზში მხოლოდ ბრალდებულები და ადვოკატები დატოვა.

რაც შეეხება მის საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამჟამად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის საქმის გარდა, განიხილავს 4 ოქტომბრის საქმის 5 ჯგუფიდან ერთ-ერთს (ბრალდებულები: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი).

გარდა ამისა, მახარობლიშვილმა შეუფარდა პატიმრობა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში აწ უკვე მსჯავრდებულ გელა უძილაურს 2025 წლის მარტში. ამ სხდომიდან მან გააძევა TV პირველის ჟურნალისტები, ნანუკა ქაჯაია და მარიამ გაფრინდაშვილი. იმ დროს ფოტო-ვიდეოგადაღება სხდომათა დარბაზში ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული, მაგრამ მახარობლიძემ ჟურნალისტებს ამის უფლება არ მისცა. ქაჯაიამ და გაფრინდაშვილმა ჰკითხეს, რის საფუძველზე უზღუდავდა  მათ ფოტოს გადაღების უფლებას, რის შემდეგაც მახარობლიძემ მათ საუბარი შეაწყვეტინა და დარბაზიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააძევა.

მოსამართლეობამდე მახარობლიძე საჯარო სექტორში მუშაობდა, ასევე იყო სხვადასხვა უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და პროფესორი. მათ შორის, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (2022 წლიდან დღემდე), ალტე უნივერსიტეტი (2018-2022 წლები), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (2018-2020 წლები), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2017 წლიდან დღემდე).

რაც შეეხება საჯარო სექტორს, მახარობლიძე 2015-დან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი იყო.

თამარ მახარობლიძემ განათლების ყველა საფეხური, ბაკალავრიდან დოქტორანტურის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას სასწავლო კურსები აქვს გავლილი გერმანიაში (ვიადრინას უნივერსიტეტი), პოლონეთში (ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში) და შვედეთში (ლუნდის სახელმწიფო უნივერსიტეტში).

პოლიტიკოსების საქმის პირველი არსებითი განხილვის სხდომას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი