ახალი ამბები

რა შემთხვევაში განიხილავს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას

20 თებერვალი, 2026 •
რა შემთხვევაში განიხილავს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს.

„სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


4 ოქტომბრის პროტესტი ბარიკადების ერთ მხარეს „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობად“ შეფასდა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. „ოცნების“ რეჟიმმა კი ის „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და  ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია. სწორედ ამას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეებზე 64 ბრალდებულს.

64-პირიანი საქმე 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად დაშალეს, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს გაუნაწილეს — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.

58 ადამიანი პატიმრობაშია. 4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.

ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი