სასამართლო აგრძელებს 4 ოქტომბრის პროტესტის გამო ბრალდებულების საქმეთა განხილვას. პირველი სხდომა 2026 წელს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამართა 10-პირიან საქმეზე, სადაც შედიან ე.წ. „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებიც.
8 იანვარს სასამართლოში პროკურატურამ ინდივიდუალურად, ცალკეულ ბრალდებულთა წინააღმდეგ საქმეს დართული ვიდეომტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა.
4 ოქტომბრის საქმეებიდან ამ განაყოფი საქმის ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია. ბოლო რამდენიმე სხდომის მსგავსად, დღევანდელ სხდომას პაატა ბურჭულაძე ისევ არ დასწრებია.
64 ბრალდებული, 5 მოსამართლე და 6 პროკურორი – როგორ მოვედით 4 ოქტომბრის საქმეებში ამ ეტაპამდე, წაიკითხეთ ბმულზე.
პროკურატურის მიერ წარმოდგენილი რა ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს დღეს, 8 იანვარს, სასამართლოში:
- ირაკლი ნადირაძის სატელევიზიო ჩართვა და კომენტარი 4 ოქტომბრამდე, სადაც ამბობს, რომ სუსი ცდილობს მოიპოვოს მათი [4 ოქტომბერს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო დღის ორგანიზატორების] სამოქმედო გეგმა. „მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა“, — ამბობს ნადირაძე.
- ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის, ხუთეულის ამსახველი ვიდეო. პაატა ბურჭულაძე ასახელებს და წარადგენს აქციის „საორგანიზაციო კომიტეტს“: საკუთარ თავს; „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს; ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას; „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურ მდივანს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს.
ამ ვიდეოს ჩვენებას მოჰყვა კომენტარი პაატა მანჯგალაძის მხრიდან, სადაც საუბრობს, როგორ მოხვდა ე.წ. „საორგანიზაციო კომიტეტის“ შემადგენლობაში:
„მაგ დღეს შემთხვევით იქ რომ არ ვყოფილიყავი, არც მოვხვდებოდი ვიდეოში. ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება. ყველა იქ იყო და მეც იქ მივედი. ეს იყო პერფორმანსი. სინამდვილეში, ეს ვიდეო უფრო დიდია. თავიდან იყო ლაპარაკი საერთოდ სურათის გადაღებაზე. სურათი რას მოგვცემსო და მერე ჩავწერეთ ვიდეო, ჯერ უხმო და მერე ვიფიქრეთ, რამე ვთქვათო. ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, შეიძლება ეს ვიდეო გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ-მეთქი, ესეც კი მითქვამს.
ამის იქით შინაარსი ამ ვიდეოს არ გააჩნია. არანირი ორგანიზება, წინასწარი განზრახვა, როლების განაწილება, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. პროკურატურა ვალდებულია, მოიპოვოს ის მტკიცებულებებიც, რაც ჩემს სასარგებლოდ არის. ყველა შეხვედრაზე ვამბობდი, რომ მე არ ვარ ამ აქციის ორგანიზატორი. ეს ვიდეო რომ დაიდებოდა საჯარო სივრცეში, არც კი ვიცოდი. არანაირ დამხობაზე არ ყოფილა ლაპარაკი. ასეთ რამეზე აქციაზე 14 წლის ბავშვთან ერთად არავინ წავა. ჩემი მონაწილეობით არაფერი დაგეგმილა, მაგრამ თუ სისტემა მოინდომებს, ნებისმიერ ადამიანს გამოაცხადებს დამნაშავედ, არავინაა დაცული“, — თქვა პაატა მანჯგალაძემ.
- მორიგი ვიდეომტკიცებულება — პაატა მანჯგალაძის ინტერვიუ ტვ პირველის ეთერში, სადაც საუბრობს, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოშია დასაბრუნებელი. ივანიშვილს მოიხსენიებს უზურპატორად, რომელსაც, მართალია, თანამდებობა არ აქვს, მაგრამ როცა ჩნდება, მისი პრემიერ-მინისტრი კობახიძე მოადგილესავით უდგას გვერდით. „4 ოქტომბერი არის პოლიტიკური ჩიხის განმუხტვის შესაძლებლობა, უნდა დავაბრუნოთ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოში. მივდივარ, როგორც ერთი მოქალაქე ჩემი პასუხისმგებლობით, რომ ჩემი წილი ქვეყანა დავიცვა. არსებობს გეგმა, ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის გეგმა. არსებობს სავარაუდო გეგმაც, რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა ოცნებამ“, — ამბობს მანჯგალაძე ინტერვიუში და ხაზგასმით ახსენებს ყველა ჯერზე „რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას“. მიმართავს ასევე სპეცრაზმს, რომ არ შეასრულონ „უზურპატორისა და არალეგიტიმური პრემიერის“ დავალებები.
პაატა მანჯგალაძემ ამ ინტერვიუსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ვიდეო მხოლოდ იმას ადასტურებს, რასაც დაცვის მხარე ამბობს:
„არ ვემიჯნები ამ განცხადებებს. ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და მე ამაზე ვლაპარაკობდი. ეს გამოდგება პირიქით [დაცვის მხარის სასარგებლო] არგუმენტად. ვამბობ, რომ მივდივარ, როგორც ერთი მოქალაქე, ჩემი პასუხისმგებლობით. მე ქართველ ხალხთან უნდა ვყოფილიყავი. ადამიანი, პოლიტიკოსი უნდა იყოს ხალხთან ერთად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ რაღაცა დაგეგმა წინასწარ. ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანთ, ირიბსაც კი, რომ ვიყავი სადმე, რამე შეხვედრაზე, სადაც რამე ძალადობრივი დაიგეგმა. ხომ ამას მედავებით?! მშვიდობიან აქციაში მონაწილეობას ხომ არ უარვყოფ?! გვჯეროდა, რომ შეიძლებოდა მიეღო გადაწყვეტილება ქართველ ხალხს, რომელსაც გაითვალისწინებდნენ. თუ ოცნების გამონათქვამები ითვლება პოლიტიკურ რიტორიკად, სადმე წერია, რომ პაატა მანჯგალაძის განცხადება არაა პოლიტიკური განცხადება? ჩემი მსაჯულები არიან ჩემი შვილები!“ — თქვა პაატა მანჯგალაძემ.
- პროკურატურამ მორიგ ვიდეომტკიცებულებად წარმოადგინა Youtube-ზე განთავსებული ვიდეოდან ამოჭრილი ეპიზოდი, სადაც ჩანს ზოდელავასა და ნადირაძის შესვლა ორბელიანების სასახლის ეზოში. ღობესთან, სამართალდამცველებთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, რაზეც რეპლიკა გააკეთა ადვოკატმა, — „სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობად ვერ ჩაითვლება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ტერიტორიაზე. საჩხუბრად და სტრატეგიული შენობის დასაკავებლად ხელიხელგადახვეული არ შედის რამდენიმე ადამიანი.“
წარმოდგენილი ვიდეოს პასუხად სიტყვა ითხოვა მურთაზ ზოდელავამ, რომელმაც განმარტა, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე პირველად იდგა მიკროფონთან და გამოუცდელობის შედეგად, მართლაც შეიძლება დავა, რომ მისმა მიმართვამ უბიძგა ვინმეს შენობის პიკეტირებისკენ, თუმცა ყველა სხვა დანარჩენი, რასაც ბრალდებულებთან პროკურატურა დავობს, რეალობას არ შეესაბამება:
„აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, კანონიერი, სპონტანური, სახალხო. მოვიდა ბევრი ადამიანი. იმიტომ, რომ იყო კრეატიული მესიჯები. იყო მითოლოგიური შლეიფიც, აბსურდული, რომ ვიღაცა გადმოვა აქეთ მხარეს და ა.შ. საქართველოა — ემოციური, სამხრეთელი ხალხი ვართ. ისეთი მითიც კი დადიოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ლამის პაატა მანჯგალაძის მეგობარი გახდა. ამ მითებს შეეწირა ბაჩო ახალაია, რომელიც ახლა დაკავებულია. მერე იყო იმედგაცრუება, რომ ამ მითოლოგიას რეალობასთან შეხება არ ჰქონია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური საჯარო ფორმულირებები. ასე იყო ყოველთვის. სხვანაირი პროტესტი ამ ქვეყანას არ ახსოვს, რომ არ თქმულიყო, ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო.
პირველად ვიყავი აქციაზე მიკროფონთან. ჩემი გამოუცდელობით ისეთი მოწოდება გავაკეთე, რომ ობიექტურად შეიძლება აღქმა, რომ თითქოს მე გავიყოლიე ხალხი პიკეტირებისთვის. ჩემი მიზანი იყო, რომ როცა გაივსო თავისუფლების მოედანი, ეფექტური იქნებოდა ახლომდებარე ათონელის მოედნის გავსებაც. ამაზე უნდა ვდავობდეთ აქ, გამოიწვია თუ არა პიკეტირება ჩემმა მოწოდებამ, გამოუცდელი მომიტინგის, გამომსვლელის მოწოდებამ. ჩემს თავს მივეცი უფლება, პირველად და უკანასკნელად მივსულიყავი მიკროფონთან და კი, შეიძლება ჩემდა უნებურად გამოიწვია ამან პიკეტირება. მაგრამ არა დანარჩენი, რა ბრალიც გვაქვს წაყენებული.
როცა მივედით, მივხვდი, რომ უმართავი იყო პროცესი და ერთადერთი, რაც შემეძლო, იყო ის, რომ მეც ვყოფილიყავი დარბეული. ღობე აღარ იყო, დავინახე, გადავედი, ჩავთვალე, რომ მოხდილია ჩემი ადამიანური ვალი. ეს იყო ჩემი მოქმედების მოტივი.
არის ძალიან ძლიერი, მრავალმილიარდიანი პროპაგანდა, რომელიც ნაფოტივით მიგვაქანებს და მესმის, რომ ჩემი სიტყვები კარგად გამოიყენეს. მე მაქვს მზაობა, რომ ჩემი მძიმე ჯვარი ვატარო, შვეიცარიაში არ ვართ, რომ რამის მოლოდინი მქონდეს, მაგრამ აქ არის ხალხი, რომლებიც არაფერ შუაში არიან. ყველა ჩვენგანი აბსოლუტურად დაცლილია ქვენა გრძნობებისგან. ჩვენ ვართ, პატიოსანი მოქალაქეები, რომელთაც ჩვენი შინაგანი რწმენით მივიღეთ მონაწილეობა აქციაში.
ეს პოლიტიკური დრამა გადაიქცა სოციალურ დრამად, ბრალდებულების დიდი ნაწილი სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია. ეს არის დიდი ტვირთი. 70-მდე ადამიანი ციხეშია და თავზარდაცემული დადის 70-მდე ოჯახი“, — თქვა მურთაზ ზოდელავამ.
უკვე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, მურთაზ ზოდელავას ეს განცხადება პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან „სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის აღიარებად“ შეაფასა. ბეჟუაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი 4 ოქტომბრის სხვა პროკურორების მსგავსად, რომ მხოლოდ ბრალდებულების მხრიდან აღიარება და მონანიება გახდება საფუძველი, პროკურატურამ გადახედოს თავის პოზიციას.
სასამართლოში მურთაზ ზოდელავას შემდეგ ისაუბრა ირაკლი ნადირაძემაც:
„დღემდე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, რომ თურმე ამხელა სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, მაგრამ ამას სათავეში ედგა… მართალია მსოფლიო, მაგრამ მაინც საოპერო ბანი და ყოფილი პროკურორი. თავადაც იციან, წარმოუდგენელია ვიღაცას დააჯერო, რომ შესაძლებელია ფულის გარეშე, იარაღის გარეშე დაამხო დიქტატორული რეჟიმი. ვერაფრით შეფუთეს და შემოაქვთ ახალი დამატებითი ელემენტები, რომ არიქა, რაღაცა ძალადობრივი იყო ვითომ. ყველა აქციაზე ვიყავი, რომელიც ეხებოდა საქართველოს ევროპულ კურსს და მომავალშიც ვიქნები. რატომ? იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს ქვეყანაზე გადაწყვეტილებები მიიღებოდეს აშხაბადში პუტინთან! ჩვენ უნდა ვიყოთ ბრიუსელში და ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ ევროპის მომავალსაც. ეს დაგვაკარგვინეს!
რაც შეეხება 4 ოქტომბრის ვიდეოს. რომ ჩავედით ღობესთან, იყო გადანგრეული, ცალკე გამოსაკვლევია, რა და როგორ მოხდა. ეს ადამიანები [საორგანიზაციო კომიტეტის გარდა, სხვა ბრალდებულები] აქ გავიცანი. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ამ ადამიანებთან რამე კავშირი იყო. არიან ტყუილად დაჭერილები.
სპეცრაზმი იდგა თუ არა, ეგეც კი არ მახსოვს. დამალეს რეზიდენციის კამერების ჩანაწერები, მოიტანეთ, აჩვენეთ — შესვლის მერე რა მოხდა? ეს არის პროპაგანდა, ხელისუფლების მიერ დადგმული ერთი დიდი სპექტაკლი. რეალობა კი ის არის, რომ ქვეყანა მიჰყავთ რუსეთისკენ, ან ვართ უკვე რუსეთში. [საქართველო] გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანა ამ ჩარჩოში. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ჩვენ ყველა გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. მე 4 შვილის მამა ვარ. თავისი შვილებისთვის ხომ კარგად უნდათ ევროპა? ჩვენი შვილებისთვის რუსეთი? მათ სახლში ოქროს ზოდები უნდა ჰქონდეთ და ჩვენი ოჯახის წევრები ქუჩაში უნდა იდგნენ? მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ვაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანად და ერთობით. ცეცხლი ოლიგარქიას! არ შეგეშინდეთ!“ — თქვა ირაკლი ნადირაძემ.
- მორიგი ორი ვიდეომტკიცებულება ამონარიდები იყო „ფორმულას“ ეთერიდან — პაატა ბურჭულაძის შესვლა სასახლის ეზოში. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეთა ნაწილი შედის ეზოში დროშებით, იყენებენ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეის. სასახლიდან გამოდის სპეცრაზმი. სასახლის ღობე ამ დროსაც უკვე გადანგრეულია.
- პროკურატურამ ასევე წარმოადგინა კიდევ სამი მოკლე ვიდეო, რომელიც ამჯერად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს ასახავს. ამ ვიდეოებში ირაკლი შაიშმელაშვილი მიმართავს სპეცრაზმს, რომელმაც „ყველაზე კარგად იცის, როგორ არის დეგრადირებული სისტემა“, მოუწოდებს მათ, რომ ჩახედონ თავის შვილებს თვალებში, რუსთაველზე მყოფ ხალხს და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები. პროკურორი ვაჟა თოდუა აკეთებს კომენტარს, რომ ამ ვიდეოებში შაიშმელაშვილი მოუწოდებს სპეცრაზმს, არ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა.
- პროკურატურა გვაჩვენებს სამ მოკლე ვიდეოს, სადაც ნიკოლოზ გვენცაძეა ასახული. ერთ ვიდეოში დგას და ჩანს, რომ, თითქოს რაღაცას ისვრის [არ ჩანს და არაა გამოკვლეული, რას ისვრის]. მეორე ვიდეოში კიდევ ორ ადამიანთან ერთად, ღობეს ეჯაჯგურება. თუმცა ღობის ნაწილი ამ დროს უკვე გადანგრეულია და მისი ადვოკატის თქმით, ეს ვიდეო არ არის ვარგისი საიმისოდ, რომ პროკურატურამ ამტკიცოს, თითქოს ნიკა გვენცაძემ შექმნა საშუალება და გარემოება პრეზიდენტის სასახლის დაკავებისთვის. მესამე ვიდეოშიც ასევე მხოლოდ ჩანს და გამოყენებულია მისი პიროვნების იდენტიფიცირებისთვის.
ვიდეოს მოჰყვა მცირე დიალოგი ნიკოლოზ გვენცაძესა და პროკურორ ვაჟა თოდუას შორისაც:
ნიკოლოზ გვენცაძე: რა ვისროლე?
პროკურორი ვაჟა თოდუა: ჩანს, რომ ნივთია და მიემართება პოლიციელების მიმართულებით. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა არის.
ნიკოლოზ გვენცაძე: ქაღალდია თუ რკინის ნაჭერი, არ აქვს მნიშვნელობა? ქაღალდი ვისროლე! დანაშაულია?
- მორიგი მტკიცებულება უკვე ერთსაათიანი ვიდეო იყო, სასახლის ახლომდებარე ობიექტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომლის მხოლოდ რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი ვნახეთ სხდომაზე და რომელიც გური ჟვანიას უნდა ასახავდეს.
მომდევნო თვეების განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირის ყველა დღე სასამართლოში 2025 წლის 4 ოქტომბრის პროტესტის საქმეებითაა შევსებული.
პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, ლაშა ბერიძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საქმეზე მომდევნო სხდომა 15 იანვარს გაიმართება.
4 ოქტომბრის პროტესტი, ის, რაც პროტესტში მონაწილე ადამიანებისთვის იყო „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობა“ და წარუმატებელი, „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია „ქართულმა ოცნებამ“. სწორედ ამას ედავებიან ისინი 64 ბრალდებულს.
64-პირიანი საქმე, 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად არის დაშლილი, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს შორის განაწილებული.
58 ადამიანი პატიმრობაშია — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.
4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.
ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.
