საზოგადოება

„აღიარონ დანაშაული და ვიმსჯელებთ პატიმრობის შეცვლაზე“ — 4 ოქტომბრის საქმე

19 დეკემბერი, 2025 •
„აღიარონ დანაშაული და ვიმსჯელებთ პატიმრობის შეცვლაზე“ — 4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის პროტესტი, ბარიკადების ერთ მხარეს „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობა“, რეჟიმმა „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და  ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია.

64-პირიანი საქმე, 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად დაშალეს, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს გაუნაწილეს. მათგან ნაწილს სინდისის პატიმრების საქმეებიდან უკვე კარგად ვიცნობთ, ნაწილი კი შედარებით ახალი სახეა ფართო საზოგადოებისთვის.

59 ადამიანი პატიმრობაშია — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.

3 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი, კრეატიული დირექტორი, მცირეწლოვანი ბავშვის დედა.

ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი და კიდევ ერთი მოქალაქე, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.

სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოში თავისი მტკიცებულებების კვლევა დაიწყო. პირველი გამოსაკვლევი მტკიცებულება ტვ პირველის უწყვეტი რამდენიმესაათიანი პირდაპირი ეთერი აღმოჩნდა 4 ოქტომბრის აქციიდან, რომელიც ხუთივე საქმეზე სანახავია.

ვიდეოს ყურება, პროკურორების დაჟინებითა და მოსამართლეების გადაწყვეტილებით, მხარეებს ფაქტობრივად უსიტყვოდ და კომენტარების გარეშე მოეთხოვებათ. ისევ და ისევ ვისმენთ 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძის მიმართვას, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და არა „ბიძინა ივანიშვილის ხუნტას“.

მურთაზ ზოდელავას მიმართვას, რომ „მამაკაცური ძალა“ უნდა დაიძრას ორბელიანის სასახლისკენ და მშვიდობიანად ჩაიბაროს გასაღები, დაიბრუნოს ინსტიტუტი, რომელიც ისედაც ეკუთვნის ხალხს.

ვხედავთ ეკრანის მეოთხედში აქციის მონაწილეთა ნაწილის გადანაცვლებას რუსთაველიდან ორბელიანების სასახლისკენ. მოქალაქეთა მისვლამდე რკინის სალტეებით სასახლის ღობის გამაგრების მცდელობას — ღობისა, რომელიც სულ ცოტა ხანში ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანების რამდენიმეწამიანი წაჯაჯგურებით ირღვევა და ვარდება. ისევ და ისევ ვუყურებთ დაძაბულობას სასახლესთან, რამდენიმე დროშაშემოხვეული ადამიანის გადასვლას ნაღობარს იქით, სასახლიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოსვლას. ქაოსი ღრმავდება, წიწაკის სპრეი, ჭავლი, გაზი, ხველა, სირბილი, ძახილი ერთმანეთის გასაფრთხილებლად და დასახმარებლად.

პარალელურად, კახა კალაძე აცხადებს, რომ ვინც ჯერ არ მისულა არჩევნებზე, მივიდეს. აქციას რაც შეეხება, ცირკის გაკეთებას ვაპირებდით, მაგრამ ფსიქიატრიულია საჭიროო. ისმის მუქარა და დაჭერების ანონსი ირაკლი კობახიძისგან, ალექსანდრე დარახველიძისგან. ჟურნალისტების კითხვები ლიდერების მიმართ, — „რას აპირებთ, რას გეგმავთ?“. ისევ ქაოსი, უკმაყოფილო ხალხი, საკუთარი თავისა და ერთმანეთის გამხნევება, რომ რევოლუცია დაიწყო, უცებ არ დამთავრდება, ხალხმა ყურები არ უნდა ჩამოყაროს და ბრძოლა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები არ გამოვიდა. მერე მუქარა დაჭერებზე სრულდება და დგება ფაქტად.

სასამართლოში ამ ვიდეოს, როგორც მტკიცებულებას, სამგზის უკვე ვუყურეთ. ორ საქმეზე ჯერ ისევ სანახავი გვაქვს.

ადვოკატები ამბობენ, რომ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და სხვების [სახელმწიფოს გადატრიალებაში, ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული პირების] მიმართვები საჯარო პირების საჯარო პოლიტიკური განცხადებებია და ორგანიზებასთან კავშირი არ აქვს. მეტიც, ისინი სისტემატურად უსვამენ ხაზს სიტყვას „მშვიდობიანი“. გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამას დანარჩენ ბრალდებულებთან, რომელთაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ჰბრალდებათ და რომლებზეც არავინ იცის, ამ მოწოდებების დროს იყვნენ თუ არა აქციაზე საერთოდ და იმ დისტანციაზე, რომ ლიდერების მიმართვები გაეგონათ.

რიგ შემთხვევებში დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებულები ვიდეოში საერთოდ არ ჩანან. მათი ყველა მცდელობა, რომ განიმარტოს სხდომათა დარბაზში, რა კავშირშია ეს ვიდეო მათ მიმართ წარდგენილ ბრალთან, კრახით სრულდება.

პროკურორები განმარტავენ, რომ ეს კონკრეტული ვიდეო საერთო სურათს ასახავს. კონკრეტულ ეპიზოდებს [რამდენადაც წინასწარ ვიცით, რამდენიმეწამიან ვიდეოებს] ბრალდებულებთან დაკავშირებით შემდეგ სხდომებზე მოიტანენ.

სხდომებს პაატა ბურჭულაძე აღარ ესწრება. მოსამართლის შემოსვლამდე ადვოკატი ამბობს, რომ ბატონი პაატა უფრო მაღალი ხარისხის სპექტაკლებს არის მიჩვეული და არა მსგავს სისულელეს, რაც ახლა სასამართლოში ხდება. ამიტომ, როცა აზრს დაინახავს, მაშინ მოვა და დაესწრება პროცესს — ასეთია ადვოკატის თქმით მისი პირადი გადაწყვეტილება.

რაც მტკიცებულებების კვლევა, ანუ ჯერჯერობით აქციიდან ამ რამდენიმესაათიანი ვიდეოს ყურება დაიწყო სხდომათა დარბაზებში, სიტყვაუხვობით გამორჩეული ბრალდებულებიც ვერ ახერხებენ რამის თქმას. მეტიც, ადვოკატებსაც მიუთითებენ, რომ თუ რამის თქმა უნდათ, მოინიშნონ და მერე შეაფასონ დასკვნით სიტყვაში.

ბრალდებულებისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის გირაოთი შესაცვლელად აქამდე საკმარისი არ აღმოჩნდა არაფერი. არც ოჯახის ერთადერთი მარჩენალობა, არც სიმსივნის დიაგნოზი, არც გულში სტენტი და ცალ თვალში დაკარგული მხედველობა, არც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ოჯახის წევრებზე მეურვეობა. არაფერი.

დღეს, 19 დეკემბერს, როცა მოსამართლე გიორგი გელაშვილთან 15-პირიანი პროცესის ჯერი დადგა [დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია], კიდევ ერთხელ გადაისინჯა პატიმრობა, როცა ევა შაშიაშვილი სხდომათა დარბაზში ცუდად გახდა.

ევა შაშიაშვილს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აქვს, ქრონიკული C ჰეპატიტი, ღვიძლის გაუსაძლისი ტკივილი, რასაც, მისი ადვოკატის თქმით, ციხეში მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებით (ვერ) უმკლავდებიან.

მოსამართლეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ევაც და დანარჩენი ბრალდებულებიც პატიმრობაში რჩებიან — პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად.

პროკურორი როინ ხინთიბიძე ევა შაშიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამბობს, რომ ისედაც იცოდნენ, დღეს ახალი არაფერი გამოვლენილა, რაც საშუალებას მისცემდა პროკურატურას ,აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა.

„მას არ აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას, ან შესაბამის მომსახურებას ვერ მიიღებს პენიტენციურ დაწესებულებაში“, — ამბობს ხინთიბიძე და თუ გიჩნდებათ კითხვა, მაინც რა შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ ევა გათავისუფლდეს, გიპასუხებთ, — „როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა ხდება 2 თვეში ერთხელ და 2 თვის თავზე რა მოცემულობაც გვექნება, იმ მოცემულობით იმსჯელებს ბრალდების მხარე.“

პროკურორმა სხდომის დასასრულს მედიასთან საუბრისას, ფაქტობრივად, მოწოდება გააკეთა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარონ და საპასუხოდ პროკურატურა წინასწარ პატიმრობასაც გადასინჯავს და საპროცესო შეთანხმების თაობაზეც იმსჯელებს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ ნებისმიერ ბრალდებულთან მიმართებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე. თუმცა ამისთვის აუცილებელია და კანონმდებლობაც ამას ითხოვს, რომ თითოეულმა მათგანმა აღიაროს ჩადენილი ქმედება და მტკიცებულებები მიიჩნიოს უდავოდ, რაც დღეის მდგომარეობით არ გვაქვს. მომართვას უნდა ერთოდეს განცხადება, რომ ისინი აღიარებენ დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობენ სრულად დამნაშავედ. თვითონ [ბრალდებულებმა] უნდა გადაწყვიტონ, ვინ აღიარებს და ვინ არა. თუკი ერთი ბრალდებული აღიარებს, ჩვენ მის მიმართ ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიების საკითხზეც“, — ამბობს ხინთიბიძე.

გარდა დღევანდელი 15-პირიანი საქმისა მოსამართლე გიორგი გელაშვილთან, ორბელიანის სასახლის ღობის დანარჩენი საქმეებია:

  • 10-პირიანი საქმე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძესთან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია
  • 12-პირიანი საქმე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილთან [უნდა გახსოვდეთ 8 პირის, საბა ჯიქიას, ნიკუშა კაციას, თედო აბრამოვის საქმეებიდან]: აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერი და თემურ ქურციკიძე
  • 13-პირიანი საქმე მოსამართლე თამარ მახარობლიძესთან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი
  • 14-პირიანი საქმე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილთან [უნდა გახსოვდეთ გიორგი ახობაძის საქმიდან]: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე

საქმეებში ერთმანეთს ენაცვლებიან პროკურორები:

  • ვაჟა თოდუა (8 და 11-პირიანი საქმეები, დათო ხომერიკის საქმე]
  • როინ ხინთიბიძე [საბა სხვიტარიძის, ანრი კვარაცხელიას, გიორგი მინდაძის საქმეები]
  • თამარ ბეჟუაშვილი
  • ლაშა ცქვიტარია
  • თამარ იაკობიძე [გურამ ხუტაშვილისა და დანი მუმლაძის, საბა ჯიქიას, ანატოლი გიგაურის საქმეები]
  • ნუგზარ ჭიტაძე [ნიკუშა კაციას, თედო აბრამოვის, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის საქმეები]

მომდევნო თვეების განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირის ყველა დღე სასამართლოში 2025 წლის 4 ოქტომბრის პროტესტის საქმეებითაა შევსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი