აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ სოხუმი რუსეთის ფედერაციასთან კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს და საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე მუშაობს და საქართველოს პოზიცია რეალობას მოწყვეტილი და უპერსპექტივოა. ამის შესახებ ბარციცმა აფხაზეთის „აპსნიმედიასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთთან კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ. ეს, ჩემი აზრით, აუცილებელი პირობაა აფხაზეთის ინტერესების საერთაშორისო არენაზე წარმატებით წარმოჩენისთვის“, – განაცხადა ბარციცმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხარე აფხაზეთს საერთაშორისო ვიზიტებისა და კონტაქტების დროს ტექნიკურ, საკონსულტაციო და ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს.
ბარციცის განცხადებით, სოხუმი საგარეო კონტაქტების გაფართოებაზე აფრიკის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში მუშაობს. მათ შორის მან სომალის დელეგაციის ვიზიტი დაასახელა.
ბარციცმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სირიას, რომელსაც “აფხაზეთის პარტნიორი და რეგიონში მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა” უწოდა.
ბარციცის განცხადებით, აფხაზეთის ოპონენტები, მათ შორის “საქართველო და დასავლეთის ქვეყნები, ცდილობენ მისი საგარეო პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვას”, თუმცა, მისი შეფასებით, ეს „უპერსპექტივოა“.
„თანამედროვე სამყაროში პატარა ქვეყნის სრულად იზოლირება რთულია“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, სოხუმის მიზანი მხოლოდ ახალი სახელმწიფოების პოლიტიკური აღიარების მიღწევა არ არის და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებასაც ეთმობა.
ბარციცმა ამ კონტექსტში ნაურუს მაგალითიც ახსენა და განაცხადა, რომ ქვეყანაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.
ბარციცმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და განაცხადა, რომ 67-ე რაუნდის შემდეგ აფხაზური მხარე ნოემბერში დაგეგმილი 68-ე რაუნდისთვის ემზადება.
მისი შეფასებით, ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც “აფხაზურ მხარეს საქართველოს წარმომადგენლებთან პირდაპირი დისკუსიის შესაძლებლობა აქვს”.
ბარციცის თქმით, აფხაზეთის მთავარი მოთხოვნაა „იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების“ გაფორმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
მისივე შეფასებით, ჟენევის ფორმატი „გრძელვადიანი თამაშია“ და თითოეული რაუნდისთვის აუცილებელია მუდმივი მზადყოფნა.
ბარციცის თქმით, აფხაზეთის პოზიცია ჟენევის დისკუსიებზე ისტორიულ-სამართლებრივ საფუძვლებსა და რეგიონში ჩამოყალიბებულ სტატუს-კვოს ეყრდნობა.
„რა თქმა უნდა, აფხაზეთის პოზიცია ამ საკითხში როგორც დასაბუთებული და არგუმენტირებულია, ისე მტკიცეა. ჩვენ ვეყრდნობით ისტორიულ-სამართლებრივ საფუძველს, საკუთარი ისტორიული სიმართლის სრულ განცდას და იმ სტატუს კვოს, რომელიც რეგიონში ფაქტობრივად უკვე 18 წელია ჩამოყალიბებულია. სწორედ ამ რეალობებზე ვაშენებთ ჩვენი პოზიციის წარმოჩენისა და მისი დარწმუნებით დასაბუთების ლოგიკას“, – განაცხადა მან.
ამასთან, ბარციცმა საქართველოს პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის, მისი შეფასებით, „ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების შეუცნობლობაზე და ემოციურ გზავნილებზეა აგებული“.
„ვფიქრობ, ასეთი მიდგომა სრულიად უპერსპექტივოა. არაერთხელ მითქვამს, რომ ვამჩნევ, როგორ გროვდება თანდათან დაღლილობა საერთაშორისო თანათავმჯდომარეებშიც კი საქართველოს ამ ერთფეროვანი, ემოციური და რეალობას მოწყვეტილი პოზიციისგან“, – ამბობს დე ფაქტო აფხაზი მინისტრი.
