ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ის ციხეს 9 ივნისს დატოვებს.
ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, „ნეტგაზეთს“ სულიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა დაუდასტურა.
საპროცესო შეთანხმებით, დათუნა სულიკაშვილს 6 თვით პატიმრობა და 4,5 წელი პირობითი სასჯელი განესაზღვრა. სულიკაშვილს ასევე დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობის უფლება.
დათუნა სულიკაშვილი 2025 წლის 9 დეკემბერს დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
