სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
„თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ შექმნა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღება აუკრძალა. სააგენტოს შექმნის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და “უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად” დარეგისტრირდებიან. გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ოფიციალურად ექნებათ უცხოეთის ინტერესების გავლენის გამტარის სტატუსი.
