ახალი ამბები

“ოცნებამ” არასამთავრობოებისთვის სამთავრობო გრანტების გაცემის კანონი დაამტკიცა

20 თებერვალი, 2025 •
“ოცნებამ” არასამთავრობოებისთვის სამთავრობო გრანტების გაცემის კანონი დაამტკიცა

“ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს.

ეს ინიციატივა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გასულ წელს, რუსული კანონის მიღების შემდეგ წარადგინა. კანონის, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს “უცხოეთის გავლენის გამტარებად” არეგისტრირებს და მათ საქმიანობას ზღუდავს.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

ვახტანგ ბაჩიაშვილი

“გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებებით, შეიქმნება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, სადაც 10-მდე ადამიანი დასაქმდება. მიმდინარე წელს სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოეყოფა.

მთავრობის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების იდეა ირაკლი კობახიძემ პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გაახმიანა. მან თქვა, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და “უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად” დარეგისტრირდებიან.

გამოდის, რომ “ქართული ოცნების” სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ოფიციალურად ექნებათ უცხოეთის ინტერესების გავლენის გამტარის სტატუსი. 

ისევე როგორც ბოლო პერიოდში გატარებული არაერთი ინიციატივა, “ქართულმა ოცნებამ” ესეც რუსული “შპარგალკიდან” გადმოწერა: ანალოგიურ უწყებას რუსეთში სამოქალაქო სექტორის განვითარების საგრანტო ფონდი ჰქვია და ის ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2017 წელს შექმნა. როგორც საქართველოში, რუსეთშიც ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდველი კანონის მიღების შემდეგ შეიქმნა.

პოლიტიკის ანალიტიკოსების შეფასებით, “ქართულ ოცნების” მიზანია რეალური სამოქალაქო სექტორის ჩანაცვლება მათ მიერ კონტროლირებული ფსევდოსამოქალაქო ორგანიზაციებით. ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მას შემდეგ, რაც კრემლმა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაბით მათი საქმიანობის შემზღუდავი რეპრესიული კანონი მიიღო.

ოპოზიცია ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვის მცდელობად აფასებს. გარდა ამისა,  აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სურს ე.წ. გონგოების, ანუ მთავრობის მიერ კონტროლირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა და მათი სახელისუფლებო პარტიის სამსახურში ჩაყენება.

ამ თემაზ ევრცლად წაიკითხეთ სტატია “ნეტგაზეთს” არქივიდან:

მთავარი ფოტო: კანონის მხადამჭერი “ქართული ოცნების” დეპუტატები – გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე, ზაზა ლომინაძე და ვახტანგ თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი