მოქალაქეები აცხადებენ, რომ ახალი პასპორტის აღების შემდეგ მათ იუსტიციის სახლიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დოკუმენტი ხარვეზიანია და უნდა გამოცვალონ.

იუსტიციის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათ მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგი სტანდარტული სამუშაო პროცესის ნაწილია და თუ ამ პროცესში რაიმე სახის საჭიროება გამოიკვეთა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეებს მათივე ინტერესების დაცვისთვის უკავშირდება.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სტანდარტული სამუშაო პროცესის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს მის მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესში ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო უკავშირდება ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ასევე მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა.
აღნიშნული პრაქტიკა სრულად შეესაბამება დოკუმენტების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის შემადგენელ ნაწილს. მოცემული მიდგომა მიზნად ისახავს სერვისის მიწოდების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის სანდო, მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას“, – განუცხადეს ნეტგაზეთს იუსტიციის სამინისტროში.
იუსტიციის სახლმა ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო.
იუსტიციის სახლის განცხადებით, ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.








