მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული, დემეტრე ჩიქოვანი ამბობს, რომ უდანაშაულოა და შიმშილობას იწყებს.

ამის შესახებ ის წერს პროკურორისადმი დღეს, 20 იანვარს მიწერილ წერილში, რომელსაც „ტვ პირველი“ ასაჯაროებს.

„მოგმართავთ გლდანის ციხიდან, თქვენი და თქვენი უფროსების მიერ თავისუფლებაწართმეული არასრულწლოვანი. მოგმართავთ უდანაშაულო ბავშვი, რომელიც მზად ხართ შესწიროთ, ოღონდ სისტემას რამე ჩრდილი არ მიადგეს და არ აქვს მნიშვნელობა, მართალი ვარ თუ არა. თქვენთვის მთავარია, არ გყავდეთ მომჩივანი. დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენმა უფროსებმაც იციან, რომ არ მომიმზადებია დანაშაული, იციან, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ იმ საშინელ დღეს იმ ადგილას, სადაც დატრიალდა ტრაგედია, მაგრამ მიწევს ციხის კედლებში ყოფნა. თქვენ და თქვენს უფროსებს შვილები გყავთ? გთხოვთ, წამით წარმოიდგინეთ თქვენი შვილი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ მისი ციხეში გაშვებით გიკლავენ მას. ხომ საშინელებაა!“ — ნათქვამია წერილში.

დემეტრე ჩიქოვანი ამბობს, რომ მასაც გულით სტკივა გიგას დედის ტკივილი, მაგრამ მასწავლებლის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის.

„მეოთხე დღეა დედაჩემი შიმშილობს ჩემ გამო. ბევრი ვიფიქრე, არ მინდოდა დედისთვის გულის ტკენა. დაე, მან მაპატიოს. არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო უსამართლობას. დღეიდან ვიწყებ შიმშილობას ბოლო ამოსუნთქვამდე და იცით, რატომ გწერთ ამას? — მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე თქვენგან ღირსებაშელახული ვიყო მეც და ჩემი ოჯახიც. იმედია, ჩემი სიკვდილი დაამშვიდებს უსამართლო ადამიანებს, იქნებით ბედნიერი, მთავარი ხომ საკუთარი სკამია“, — წერს დემეტრე ჩიქოვანი.

არასრულწლოვნის დედა, სოფო ძნელაძე, რომელიც ასევე შიმშილობს, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

„დემეტრე, შეწყვიტე შიმშილობა! მე ვიშიმშილებ, ოღონდ შენ ეს არ გააკეთო. ამათ მსხვერპლი სჭირდებათ.
დემეტრე უსამართლოდ ზის ციხის კედლებში. მას არავითარი დანაშაული არ მოუმზადებია. მივმართავ საზოგადოებას, რომელმაც გადაწყვიტა, სოციალურ ქსელებში გამოგვიტანონ განაჩენი — სამართალი ასე არ მუშაობს. უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ გინახავთ, ხალხო?“, — ამბობს სოფო ძნელაძე.

დემეტრე ჩიქოვანი 20 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. თუმცა რამდენიმე დღის წინ მას ბრალი გადაუკვალიფიცირეს განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით. თავდაპირველი ბრალი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ახალი კი — 13 წლამდე.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს 2025 წლის პირველ ოქტომბერს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე 4 არასრულწლოვანია დაკავებული. გამოძიების ვერსიით, უშუალოდ დანაშაულის ადგილას ორი მათგანი იმყოფებოდა – ერთი ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა, მეორემ კი ინციდენტი გადაიღო. მათ გარდა დაკავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი, მათ შორის, სოფო ძნელაძის შვილი.

გამოძიების თანახმად, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა: ავალიანი მოსწავლეებს მათემატიკაში ამზადებდა. მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ შეყვარებულს ავალიანის მხრიდან არასასურველი კომუნიკაციის შესახებ უთხრა. სწორედ ეს უკანასკნელია ის, ვინც პროკურატურის ვერსიით ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა. მოკლული მასწავლებლის ოჯახი ითხოვს, ბრალი წარედგინოს გიგა ავალიანის მოსწავლეს – გოგონას, რომელმაც, ოჯახის ვერსიით, შეყვარებული ავალიანის წინააღმდეგ წააქეზა.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ პროკურატურასთან აქცია გამართა