დღეს, 17 იანვარს, პროკურატურასთან აქცია გამართა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოანის დედამ, სოფო ძნელაძემ. ის აცხადებს, რომ მის შვილისთვის წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია.

სოფო ძნელაძის შვილი 20 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ მას ბრალი გადაუკვალიფიცირეს განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით. თავდაპირველი ბრალი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, გადაკვალიფიცირების შემდეგ კი არასრულწლოვანს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სოფო ძნელაძე ამბობს, რომ საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულებები მისი შვილისთვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად. ის ამბობს, რომ პროკურატურამ მისი შვილი “გაწირა”, რათა დაეშოშმინებინა მოკლული ავალიანის ოჯახი, რომელიც ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვს.

“ადამიანს რომელიც შემთხვევის ადგილზე არც კი ყოფილა, ბრალი შეუცვალეს და გვედავებიან რომ ჯგუფურად მოამზადა ორ არასრულწლოვან მეგობართან ერთად დანაშაული. აი ამ ბრალის შეცვლა არის ამ უსამართლობის ზენიტი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა კონკრეტულად ჩემი ოჯახის მიმართ აპირებს, სამართლებრივი ველი სრულად დატოვებული გაქვთ. თქვენ დაწერეთ ყველაზე სამარცხვინო ბრალი.

დღეს მე მოვედი აქ, შიგნით არ შემომიშვებთ რომ ვიშიმშილო? გარეთ ვიდგები – დღეიდან ეს ადგილი იქნება ჩემი სასაფლაო, მაგრამ ჩემ შვილს არ დაგითმობთ, იმიტომ რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო”, – განაცხადა ძნელაძემ პროკურატურასთან.

ის ითხოვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ საქმის გამოსაძიებლად.

გამოძიების ვერსით, 28 წლის გიგა ავალიანს 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს, კლინიკაში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე 4 არასრულწლოვანია დაკავებული. გამოძიების ვერსიით, უშუალოდ დანაშაულის ადგილას ორი მათგანი იმყოფებოდა – ერთი ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა, მეორემ კი ინციდენტი გადაიღო. მათ გარდა დაკავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი, მათ შორის, სოფო ძნელაძის შვილი. როგორც აღვნიშნეთ, გამოძიება მათ თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, შემდეგ კი ბრალი დანაშაულის მომზადებაში თანამონაწილეობის მუხლით გადაუკვალიფიცირეს.

გამოძიების ვერსიით დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა: ავალიანი მოსწავლეებს მათემატიკაში ამზადებდა. მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ შეყვარებულს ავალიანის მხრიდან არასასურველი კომუნიკაციის შესახებ უთხრა. სწორედ ეს უკანასკნელია ის, ვინც პროკურატურის ვერსიით ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა. მოკლული მასწავლებლის ოჯახი ითხოვს ბრალი წარედგინოს გიგა ავალიანის მოსწავლეს – გოგონას, რომელმაც, ოჯახის ვერსიით, შეყვარებული ავალიანის წინააღმდეგ წააქეზა.

ამავე თემაზე: