მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი არასრულწლოვნის მამა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მერაბ მალანია ამბობს, რომ „უსამართლობაა, რაც ახლა ხდება“.
მან მედიასთან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მის შვილს, გიორგი მალანიას პროკურატურამ ბრალდება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.
თავდაპირველად შსს-მ განაცხადა, რომ არასრულწლოვანი დაკავებული იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. მერაბ მალანიამ თქვა, რომ აქამდე არ აკეთებდა განცხადებას, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა.
მალანია ამბობს, რომ პირი, რომელიც მის შვილს ურეკავდა, დაკავებულს თვალით არასდროს უნახავს:
„ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რაც ახლა გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლით, ეს გულისხმობს თავდასხმაში ხელშეწყობას. არ ვეთანხმებოდი არც პირველს, ანუ შეუტყობინებლობას, და არც ამას ვეთანხმები, რა თქმა უნდა, და ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოშიც, თუ საჭირო გახდება, საზღვრებს გარეთაც.
[…] ურეკავდა ადამიანი, რომელიც საერთოდ თვალით არ უნახავს. ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. არანაირ თავდასხმაზე არ იყო საუბარი. იცოდა, რომ მის შეყვარებულს, ანუ ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს, გიორგი და ის ერთად არიან გაზრდილი ეს ბავშვები, რაღაც არასათანადოდ ექცევა ჩემი ინფორმაციითო და აქედან გამომდინარე მინდა დაველაპარაკო და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ასე ვინ რეკავს, ხომ?! წამოდი, თავი გავუტეხოთ ვინმეს. ეს ხომ ნონსენსია, ეს იყო მაგათ შორის კომუნიკაცია… არ გაჰყვა ჩემი შვილი იმიტომ, რომ ჩემი შვილი არ არის ზოგადად ასე გაზრდილი“, – ამბობს მერაბ მალანია.
მან ასევე უპასუხა კითხვას დანაშაულის დაგეგმვაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით:
„ისე აღმოჩნდა, თურმე, როგორც ამბობენ, რომ მეც დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას, რადგან, პირველში, ღამე, ბავშვი მივიყვანე გაკვეთილზე და გაკვეთილიდან წამოვიყვანე. ეს არის ჩემი დანაშაული… რეზონანსული საქმეა, არ მინდა ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ ეს არის უსამართლობა, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა მერაბ მალანიამ.
დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ თქვა, რომ არასრულწლოვანი არათუ არ იცნობდა და სახელები და გვარები არ იცოდა, ვიზუალურადაც არ იცოდა ის პირები, რომლებიც ამ საქმეზე მსჯავრდებულად არიან ცნობილნი.
გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გუშინ „ტვ პირველთან“ თქვა, რომ ნია იმნაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა 26 სექტემბერს დაგეგმეს გიგა ავალიანის მკვლელობა. შემდეგ იმნაძემ გაბაშვილი მალანიას დააკავშირა და 28 სექტემბრიდან მათ „უწყვეტი კავშირი“ ჰქონდათ.
ეკა კუპატაძე ამბობს, რომ გუშინ დაკავებულმა არასრულწლოვანმა „ბოლო მითითებები“ მისცა საქმის მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე გაბაშვილს, „მამასთან ერთად“.
ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პირველი განაჩენი 5 აპრილს გამოცხადდა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე. 8 აპრილს მათ 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.
პირველ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე გამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.
2 ივნისს დემეტრე ჩიქოვანს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით, ხოლო ანი ნასყიდაშვილს – 7 წელი, ბრალდებით, რომ მისთვის ცნობილი იყო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის შესახებ და მან ეს დაფარა. ეს სისხლის სამართლის კოდექსიდან მათთვის მიყენებული მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელია. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 გამოაკლდებათ. დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, 2025 წლის პირველ ოქტომბერს თემქაზე, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე არასრულწლოვანები თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა.
