მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვნიდან ორს ბრალი დაუმძიმდა.
საუბარია დ.ჩ.- სა და ა.ნ. -ზე, რომლებიც 20 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობდა და სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა არასრულწლოვნებს, ერთ პირს (ა.გ.) ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ხოლო მეორეს (გ.რ.) – სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. ა.გ. და გ.რ. 19 და 25 ოქტომბერს დააკავეს.
როგორც გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი, დარეჯან სულაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ახლა დ.ჩ. -ს ბრალი სისხლის სამართლის 18-117 მუხლის მე-3 ნაწილით შეეცვალა, რაც ჯგუფურად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს და 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ანუ დასრულებულ დანაშაულზე კი არ ედავებიან დ.ჩ.-ს, არამედ ამ კატეგორიის დანაშაულის მომზადებაში მონაწილეობაში“, – აცხადებს დარეჯან სულაშვილი.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ა.ნ.-ს, მას ბრალი 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაუმძიმდა, ანუ, თუ მას აქამდე მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, ახლა მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ვინაიდან დ.ჩ.-ს ბრალში პროკურატურას უკვე მოუწია აღიარება, რომ ის დანაშაული, რაც ხდებოდა მისი მონაწილეობით და, შესაბამისად, ირიბად აღიარა ის, რომ გ.რ.-ს და ა.გ-ს მიერ აღსრულდა, ყოფილა არა მძიმე კატეგორიის, რასაც აქამდე ამტკიცებდნენ გ.რ.-ს და ა.გ-ს ბრალით, არამედ ყოფილა ჯგუფური, ანუ განსაკუთრებით მძიმე. შესაბამისად, ა.ნ-ს მიმართ შეუტყობინებლობა გადავიდა პირველიდან მეორე ნაწილზე“, – აცხადებს დარეჯან სულაშვილი.
ბრალის დამძიმებას არ ეთანხმება დ.ჩ.-ს დედა და მიიჩნევს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა, ვინაიდან გიგა ავალიანზე თავდასხმის დღეს, პირველ ოქტომბერს, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.
დედის თქმით, მისი შვილისთვის ბრალის დამძიმებით გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე „თემის ჩაფარცხვას“ ცდილობს.
„როცა ჩემი არასრულწლოვანი შვილი დანაშაულის დაფარვისთვის უსამართლოდ დაიჭირეს, მე, როგორც დედამ, სათანადოდ ხმა არ ამოვიღე, ეს აღმოჩნდა ჩემი უდიდესი შეცდომა და ჩემი შვილისთვის დამღუპველი!
გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღეს დააწერინა თავის პროკურორს, ქეთევან სონიძეს შეკვეთილი ბრალი, რითაც შეინარჩუნა სკამი, ხოლო გიგა ავალიანის დედამ გააუქმა 17 იანვარს მის მიერ პროკურატურასთან დაგეგმილი აქცია. დღევანდელი პროკურატურის სახელმძღვანელო კოდექსი ასეთია – სკამის დაკარგვის შიშით და არა მტკიცებულებათა ერთობლიობით პროკურორები წერენ შეკვეთილ ბრალებს!
საქართველოს გენერალურო პროკურორო, თქვენ გამწარებულმა დედამ უსამართლობა გთხოვათ? არა, თუმცა საკუთარი სკამის შენარჩუნების შიშით ინციდენტის ადგილზეც რომ არ ყოფილა, ჩემს 17 წლის შვილს დღეს თქვენი დავალებით ბრალი წაუყენეს გიგა ავალიანის მკვლელობისთვის, რაც შეანიღბინეთ 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას რომ ითვალისწინებს! ესაა თქვენი სამართალი?! უდანაშაულოსთვის აბსურდული ბრალის წარდგენა საკუთარი სკამის დაკარგვის შიშით?! დაზარალებულის უფლებამონაცვლის გაჩუმების ასეთი მეთოდებით გაქვთ?!
არ გაგივათ, შეგაკვდებით, მაგრამ ჩემი უდანაშაულო შვილის ღირსებას დავიცავ ბოლომდე!!!
17 იანვარს, 16:00 საათზე თქვენს სკამს შეწირული არასრულწლოვანი შვილის დედა ვიწყებ საპროტესტო აქციებს საქართველოს პროკურატურასთან და უვადო შიმშილს თქვენი გადადგომის მოთხოვნით, არ გავჩერდები და ვერავინ ვერ გამაჩერებთ – ან სამართალი ,ან სიკვდილამდე ბრძოლა!“, – წერს სოციალურ ქსელში დ.ჩ.-ს დედა.
თუმცა გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ დ.ჩ.-ს არა დანაშაულის აღსრულებაში, არამედ მის მომზადებაში ედება ბრალი, რასაც საქმეში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.
„დამამძიმებელი გარემოება შემოსულია როგორც ჯგუფური. მე-18 მუხლს, ანუ მომზადებას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. შესაბამისად, [დ.ჩ.-ს დედა] რომ ამბობს, რომ ჩემი შვილი იქ არ ყოფილა და როგორ დააზიანებდაო [გიგა ავალიანს], დანაშაულის აღსრულებაში არ ედება ბრალი, მას ედავებიან ამ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადებაში“, – აცხადებს ადვოკატი დარეჯან სულაშვილი.
ადვოკატის თქმით, გიგა ავალიანის ოჯახი თავიდანვე ითხოვდა, რომ საქმე ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციით წარმართულიყო. თუმცა დ.ჩ.-სა და ა.ნ.-სთვის ბრალის დამძიმებამდე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეს პროკურატურა არც ჯგუფური დანაშაულის და არც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლებით არ იძიებდა.
ადვოკატის თქმით, დ.ჩ.-ს ბრალში პროკურატურას უკვე მოუწია აღიარება, რომ ეს ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული იყო.
დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი, ა.გ.-ს და გ.რ.-ს საქმის განხილვა კი სასამართლოში უკვე არსებით ეტაპზეა. დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს საქმეზე კი სასამართლოში არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა
მაშინ, როცა საქმე სასამართლოში უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა, პროკურატურას კანონით ბრალის დამძიმების უფლება აღარ აქვს და ახლა ეს სასამართლოს პრეროგატივაა.
ამიტომ გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი იმედოვნებს, რომ ა.გ.-ს და გ.რ.-ს შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებას სასამართლო მაინც მიიღებს.
„ჩვენ თავიდანვე ვიძახდით, რომ ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ვინაიდან ა.გ.-ს და გ.რ.-ს მიმართ ბრალი სასამართლოში წავიდა ისე, რომ არ გაიზიარეს, მე ხომ ვეცნობოდი მასალებს და იმ მასალებზე დაყრდნობით ვამბობდით, რომ ეს იყო ჯგუფური და, შესაბამისად, განსაკუთრებით მძიმედ ჩადენილი დანაშაული. ახლა ის საქმე არის სასამართლოში. იქ პროკურატურა აქამდე მოკლებული იყო შესაძლებლობას და ახლაც მოკლებულია, რომ ბრალი დაამძიმოს. იქ უკვე სასამართლოს მოქმედების ველია, ხომ? მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში [დ.ჩ.-ს და ა.ნ.-ს), როდესაც ჯერ კიდევ წინასწარ გამოძიებაში იყო საქმე, ვიდრე სასამართლოში წავიდოდა, მათ დააზუსტეს ბრალი.
აქედან გამომდინარე ცოტა დისონანსი აღმოჩნდა. იქ რომ სწორად ემოქმედა თავის დროზე პროკურატურას, მინიმუმ სსკ-ის 117-ე მუხლი მეოთხე ნაწილით იქნებოდა ბრალდება წარდგენილი ორივე პირის (ა.გ.-ს და გ.რ.-ს) მიმართ და ასეთი დისონანსი აღარ გამოჩნდებოდა დ.ჩ.-ს და ა.ნ.-ს მიმართ.
მე ვიმედოვნებ, ვინაიდან პროკურატურამ აღიარა, რომ ეს იყო ჯგუფური დანაშაული, ჩვენ რაღაცის უნდა გავხდეთ და ჯგუფურზე აგებინებენ პასუხს ა.გ.-ს და გ.რ.-ს“, – აცხადებს ადვოკატი დარეჯან სულაშვილი.
28 წლის მასწავლებელ გიგა ავალიანს თავს 2025 წლის 1 ოქტომბერს თავს დაესხნენ, მიღებული დაზიანების შედეგად 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
„2025 წლის 1 ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვნები ა.გ. და გ.რ, ა.გ.-ს მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ, 22:20 საათზე, ა.გ. მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გ.რ. ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, – აცხადებს პროკურატურა.








