ახალი ამბები

თუ EU კონკრეტულ პირებს არ დაასანქცირებს, მაშინ დანარჩენი ყველაფერი სიმბოლურია – ზურაბიშვილი

15 იანვარი, 2026 •
თუ EU კონკრეტულ პირებს არ დაასანქცირებს, მაშინ დანარჩენი ყველაფერი სიმბოლურია – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რომ ევროკავშირისგან სანქციებზე საუბარი ისმის, რეალურად კი არაფერი კეთდება, საქართველოს მოსახლეობაში ნეგატიურ განწყობას ქმნის.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა The Brussels Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქით, იმის აღმოჩენა, რომ ევროკავშირს არაფრის გაკეთება შეუძლია ისეთი პატარა ქვეყნის დასაცავად, როგორც საქართველოა, არა მხოლოდ ქართველებისთვის, ევროპისთვისაც საგანგაშო უნდა იყოს.

„სანქციებზე იმდენი საუბარი იყო, რომ გულწრფელად ვამბობ, ეს უფრო მეტ ზიანს აყენებს პროცესს, ვიდრე ეხმარება. თუ არ იქნება კონკრეტული პირების სია, რომლებსაც შეეზღუდებათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა, მაშინ დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ სიმბოლურია.

ეს [ევროკავშირის უმოქმედობა] მოსახლეობაში ნეგატიურ განწყობას ქმნის, რადგან მათ ესმით მოწოდებები სანქციებისკენ, შემდეგ კი ხედავენ, რომ რეალურად არაფერი კეთდება.

ჩნდება გარკვეული პესიმიზმი ევროკავშირის შესაძლებლობების მიმართ, რაც ძალიან უცნაურია, როცა ჩვენს მასშტაბებს ერთმანეთს ადარებთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ევროკავშირი კი უზარმაზარი ძალაა თავისი რესურსებით. იმის აღმოჩენა, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ იმ ქვეყნის დასაცავად, რომელიც ევროკავშირის კართან იყო, რათა ის რუსეთის მიერ არ იქნეს შთანთქმული, ჩვენთვის შემაშფოთებელია, თუმცა ეს ევროპისთვისაც საგანგაშო უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი