პარტია „ფედერალისტები“ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ BBC-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ფედერალისტების“ განცხადებით, სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი ერთ კაცს ემორჩილება, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის მიუკერძოებელ სამართლებრივ გამოძიებაზე საუბარი ზედმეტია.
„ეს რეჟიმი რომ მინიმალურ ანგარიშვალდებულებას გრძნობდეს საზოგადოების წინაშე და ამ უმძიმესი ბრალდების განეიტრალება უნდოდეს, თავად მოიწვევდა საერთაშორისო მისიას ამ ამბის გამოსაძიებლად. ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული რეჟიმის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო კომისიის, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ. რეჟიმის ცვლილებამდე ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიებას დავეხმაროთ და მომავალში დაზარალებულების მიმართ შესაბამისი ზომები გავატაროთ, გვჭირდება ინფორმაცია“, — ნათქვამია „ფედერალისტების“ განცხადებაში.
„ფედერალისტების“ თქმით, განსაკუთრებით სჭირდებათ: სამედიცინო ცნობები (დიაგნოზი, ტოქსიკოლოგიური ანალიზი), ფოტო/ვიდეომასალა დაზიანებებზე, ინფორმაცია სიმპტომების შესახებ (სუნთქვის გართულება, დამწვრობა, ნევროლოგიური ნიშნები) და, თუ შესაძლებელია, გამოყენებული ჭურვების ფოტოები.
„ფედერალისტები“ მიმართავენ სამედიცინო პერსონალს, დუმილით ნუ გახდებიან დანაშაულის თანამონაწილე.
„ანონიმურად მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ არადამახასიათებელი ქიმიური მოწამვლის ნიშნები. ჩვენ ვიმუშავებთ უცხოელ ტოქსიკოლოგებთან და უფლებადამცველებთან. თუ ხართ ექიმი და გაქვთ წვდომა ლაბორატორიულ მონაცემებზე, რომელიც ადასტურებს უცნობი ქიმიური ნაერთების არსებობას პაციენტების სისხლში, მოგვაწოდეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ ნიმუშების გადაგზავნას ევროპის წამყვან ლაბორატორიებში. ჩვენი მიზანია, ეს მტკიცებულებები მივაწოდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. და თუ ბრალდება დადასტურდა, ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუმძიმდეს. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ მოგვმართოთ ფედერალისტების და თავისუფლების ინსტიტუტის ცხელ ხაზზე, იმისათვის, რომ დავიწყოთ მასალის მოგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის. ვისაც ღია არხის გამოყენება არ გსურთ, უსაფრთხო არხით დაგვიკავშირდით, ჩვენი პოვნა იოლია“, — ნათქვამია განცხადებაში.
„ფედერალისტები“ კონსულტაციებს იწყებენ „დემოკრატიულ პარტიებთან და ექსპერტებთან“ ძალისხმევის გასაერთიანებლად და აცხადებენ, რომ თუ დადასტურდა ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს საერთაშორისო სანქციების საფუძველია და რეჟიმის ცვლილების შემდეგ ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს
