უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგომის შემდეგ, ის ფრონტზე მიდის.
“მივდივარ ფრონტზე და მზად ვარ ნებისმიერი რამისთვის. მე ვარ პატიოსანი და წესიერი ადამიანი. მე შეურაცხყოფა მომაყენეს და ჩემი ღირსება არ იქნა დაცული, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან კიევში ვიმყოფები. არ მინდა ზელენსკისთვის პრობლემების შექმნა — მივდივარ ფრონტზე. მეზიზღება ის სიბინძურე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ აგორდა, და კიდევ უფრო მეტად მეზიზღება ის, რომ მხარი არ დამიჭირეს იმ ადამიანებმა, ვინც სიმართლე იციან.”
მედიისთვის მიცემულ კომენტარში ყოფილმა თანამდებობის პირმა არ დააკონკრეტა, ფრონტის რომელ ნაწილში გეგმავს სამსახურს და როდის გაემგზავრება საბრძოლო ზონაში.
მოგვიანებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განმარტა, ვინ წარადგენს უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ერმაკის გათავისუფლების შემდეგ, რომელიც გარდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა, მოლაპარაკებებში ჩართულ ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა. ზელენსკის თქმით, ეს გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი იქნება, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის წარმომადგენლები და ასევე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ მალე შედგება შეხვედრები ამერიკულ მხარესთანაც.
„როდესაც ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი გამოწვევა ქვეყნის გარედან — ომი, ძლიერები უნდა ვიყოთ ქვეყნის შიგნით“, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.
28 ნოემბერს დილით უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა (САП) ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. რა საქმეს უკავშირდება ჩხრეკა, დადასტურებული ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს.







