ახალი ამბები

საქართველოს პერსპექტივები ლისაბონის სამიტის წინ

18 ნოემბერი, 2010 • • 1202
საქართველოს პერსპექტივები ლისაბონის სამიტის წინ

ვასილ ჭყოიძე, ფოტო: რადიო

ნატოს  საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე, რომელიც ვარშავაში გაიმართა 16 ნოემბერს, მიღებული იქნა რეზოლუცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. რეზოლუციის ტექსტში არაღიარებული ტერიტორიების ნაცვლად, ოკუპირებული ტერიტორიებია მოხსენიებული. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ეს?

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა იმიტომ, რომ ეს აძლევს გარკვეულ სამართლებრივ დატვირთვას შექმნილ ვითარებას. ოკუპირებული ტერიტორია ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ამ ტერიტორიის დეოკუპაცია უნდა მოხდეს. ოკუპაციის შემთხვევებს გაეროს კონვენციებიც ითვალისწინებს და საერთაშორისო სამართალიც. ოკუპაცია, რაღაც გარკვეული მოსაზრებების გამო, შეიძლება განხორციელდეს თვითონ იმ სახელმწიფოს თხოვნით, რომელსაც ეკუთვნის ეს ტერიტორია, ან ოკუპაცია ხორციელდება ამ სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ, რაც საერთაშორისო სამართლით და გაეროს კონვენციებით აკრძალულია და, შესაბამისად, ექვემდებარება სანქციებს. ასე რომ, ამ ტერმინის დამკვიდრება ჩვენ გვიზრდის იმის შანსს, რომ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მან მოახდინოს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია.

ამას გარდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იმიტომ, რომ ეს ოკუპაცია აღიარა ჩვენმა რამდენიმე მეგობარი ქვეყნის პარლამენტმა ჩვენივე თხოვნით, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია აფიქსირებს ამ ტერმინს და შესაძლოა, ეს პრეცედენტი გახდეს დასაწყისი იმისა, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა სხვა საპარლამენტო ასამბლეებმა, იგივე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, გაერომ გაიმეორონ და დაამკვიდრონ ეს ტერმინი – ოკუპაცია.

 

ხვალ იხსნება ნატოს ქვეყნების მეთაურებისა და მთავრობების სამიტი ლისაბონში,  რას უნდა ელოდოს საქართველო ამ სამიტიდან, ისევ იმის განმეორებას, რაც ითქვა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე – რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი?

საერთოდ, ნორმალურ სიტუაციაში, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ სახელმწიფოს 3–დან 5 წლამდე სჭირდება იმისათვის, რომ გახდეს ნატოს წევრი, თუმცა არის შემთხვევები, როცა კიდევ უფრო იწელება ეს დრო, სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, მაკედონიის გაწევრიანება შეფერხდა ტერმინოლოგიური დავის გამო საბერძნეთთან, რომელიც არის ნატოს წევრი და მან დაბლოკა მაკედონიის გაწევრიანება მაშინ, როდესაც მაკედონიის გაწევრიანების წინააღმდეგი არავინ იყო. საქართველოს, ალბათ, ასეთი ტექნიკური დაბრკოლება არ შეხვდება, ჩვენ უფრო პოლიტიკური ნება გვჭირდება ჩვენი ნატოელი მოკავშირეების მხრიდან. ალბათ, ლისაბონის სამიტზე რაღაცნაირად გამოიკვეთება კონტურები – როდის, რა პირობებში მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს.

ის, რომ ნატოს კარი ღიაა – ეს, რა თქმა უნდა, ისევ განმეორდება და დაფიქსირდება, უბრალოდ, მე მგონია, რომ მეტი კონკრეტიკა იქნება ან საკითხზე. ამას კარგად ეხმიანება თვითონ ვარშავაში მიღებული რეზოლუციაც – დროში კარგად დაემთხვა, ფაქტობრივად, ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია, რომელსაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აძლევს ნატოს სამიტს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. სამართლებრივად სავალდებულო ანუ აუცილებად შესრულებადი არ არის ეს რეზოლუცია, მაგრამ როგორც პოლიტიკური რეკომენდაცია, გაკეთებული ნატოს საკანონმდებლო ორგანოებიდან დაკომპლექტებული ფორუმის მხრიდან, ამას ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს უშუალოდ სამიტის მონაწილეებზე.

 

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების დათბობის საკითხი. რამდენად შეუშლის ეს ხელს საქართველოს თანამშრომლობას ალიანსთან?

თუ ნატომ  ჩათვალა, რომ რუსეთთან დახლოება შესაძლებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და აღარ არღვევს საერთაშორისო სამართალს. სხვა შემთხვევაში, ნატო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამიტომ დათბობა უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი მიდის კომპრომისზე და მათ შორის საქართველოს საკითხშიც. სხვა შემთხვევაში, სერიოზულ დათბობასა და თანამშრომლობაზე ლაპარაკი გამორიცხულია. დათბობა უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი მზად არის, მოახდინოს დეოკუპაცია, ანუ შეასრულოს ის მოთხოვნები, რომლებსაც მას ნატო უყენებს.

ნატომ  რაც უნდა დაახლოების სურვილი გამოამჟღავნოს რუსეთის მიმართ, დღის წესრიგიდან არ მოხსნის ამ საკითხს. სხვათა შორის, ვარშავის რეზოლუციაში ესეც არის აღნიშნული, რომ მოუწოდებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს, რომ სამიტის მიმდინარეობის პარალელურად, დაგეგმილ ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეიტანონ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი. კი, რუსეთს აღიზიანებს ეს საკითხი, მაგრამ ნატო არ აპირებს ამ საკითხის მოხსნას რუსეთთან დიალოგის დროს.

 

ანუ, თქვენი აზრით, პირიქით – შესაძლოა საქართველოს ფაქტორმა შეუშალოს ხელი რუსეთს ნატოსთან ურთიერთობის გაღრამევებაში?

რა თქმა უნდა, ერთი ხელით იპყრობდე მეზობელი ქვეყნის ტერიტორიებს და მეორე მხრივ, გინდოდეს დასავლეთთან და ნატოსთან დაახლოება, რა თქმა უნდა, ასეთი რამ შეუძლებელია, შეუთავსებელია. ამას ემატება ის გახმაურებული სკანდალები ჯაშუშებთან დაკავშირებით – ჯერ შეერთებულ შტატებში, შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში, ახლა საქართველოში… ასე, რომ რუსეთის პრესტიჟი არ არის მაინცდამაინც მაღალი, რომ მას ძალიან მოუფრთხილდეს ვინმე. საკმაოდ შელახული პრესტიჟით მიდის რუსეთი ლისაბონის სამიტზე, ამიტომ, თუ მას რაიმე შედეგის მიღწევა უნდა, ის მზად უნდა იყოს კომპრომისებისთვის.

 

ნატოს  გენერალური მდივანი ღიად ამბობს, რომ ნატორუსეთის ურთიერთობებში შესაძლოა, ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ამ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, „კომპრომისების თეორია“, რაზეც თქვენ საუბრობთ რუსეთთან დაკავშირებით, ისევ ძალაში დარჩება?

ნატომ გადახედა თავის პოზიციას რუსეთთან მიმართებაში და ჩათვალა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს. ლისაბონის სამიტი, ძირითადად, ეძღვნება ნატოს ახალ სტრატეგიას, ახალ ხედვას. ამ ახალ ხედვაში სწორედ ეს იცვლება, რომ ნატო აღარ ხედავს არც რუსეთში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში საფრთხეს, ანუ პირიქით – ის თვლის, რომ რუსეთი მისთვის პოტენციური პარტნიორია და არა – საფრთხე. რუსეთი კი დღესაც ჯიუტად ამტკიცებს, რომ მისთვის მთავარ საფრთხეს ნატო წარმოადგენს და ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში ასახულია ეს, რომ ნატო არის რუსეთისთვის საფრთხე და მისი აღმოსავლეთით გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ანუ, რა ხდება: ნატომ გადახედა თავის ძველ ხედვებს – ცივი ომის დროინდელ პოზიციას და ახალ სტრატეგიაში აფიქსირებს, რომ ის საფრთხეს ხედავს არა რუსეთში, არამედ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებაში, საერთაშორისო ტერორიზმში, ორგანიზებულ დანაშაულში, საერთაშორისო ნარკოტრეფიკინგში, ასეთ გლობალურ პრობლემებში და არა – რუსეთში. მაგრამ რუსეთი რჩება ისევ ცივი ომის დროინდელ პოზიციებზე ინერციით. რა თქმა უნდა, იქაც გარკვეული ძვრები არის უკვე, ოპოზიციაშიც და მედვედევის ფრთაშიც, რომ ახლებურად შეხედონ ნატოს, მაგრამ სამხედრო ისტებლიშმენტი გაჯიუტებულია და ისინი კვლავ კონსერვატიულ და ცივი ომის დროინდელი მენტალიტეტით განსაზღვრულ პოზიციებზე დგანან. ამიტომ ახლა უკვე რუსეთის ჯერია. დათბობა, ახალი ფურცლიდან დაწყება, რაც გინდათ, ის უწოდეთ, ეს სინონიმებია, ახალი ფურცლიდან დაწყება – ის იქნება, რომ რუსეთიც გადახედავს თავის ძველ მიდგომებს ნატოსთანს და იტყვის, რომ ნატო არ არის საფრთხე. აი, ეს იქნება ახალი ფურცლიდან დაწყება. თუ ეს არ გააკეთა რუსეთმა და რაგოზინისნაირი გონებაშეზღუდული პოლიტიკოსები გააგზავნა ნატოში, რა თქმა უნდა, არანაირი ახალი ფურცელი იქ არ დაიწყება. დიმიტრი რაგოზინი – რუსეთის წარმომადგენელი ნატოში, პირიქით, ყველაზე ძველი ფურცელია რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ლისაბონის სამიტი ეძღვნება ნატოს ახალ ხედვას. პრესაში უკვე დაიწერა, რომ ამ სამიტზე უნდა ველოდოთ ნატოს 21–ე საუკუნის სტრატეგიული კონცეფცია. რას გულისხმობს ეს კონცეფცია, თუ არის თქვენთვის ცნობილი?

ნატო დღესდღეობით ორ ძირითად საფრთხეს ხედავს, რომლებიც ერთმანეთთანაა კავშირში, ესენია – მასობრივი იარაღის უკონტროლო გავრცელება და საერთაშორისო  ტერორიზმი იმიტომ, რომ თუ ტერორისტულ დაჯგუფებას ჩაუვარდა ხელში მასობრივი იარაღი, ამას მოყვება კატასტროფული შედეგები. ამდენად, აი, ამ მიმართულებაში ხედავს ნატო ახალ, ოცდამეერთე საუკუნისათვის დამახასიათებელ საფრთხეს და არა – იდეოლოგიურ დაპირისპირებაში, რაც იყო ადრე, როდესაც დასავლური და კომუნისტური იდეოლოგიის დაპირისპირება და მტრობა იყო ამოსავალი წერტილი.

მაგალითად, მთავარ მტრად საბჭოთა კავშირი მოიხსენიებდა აშშ-სა და ნატოს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იდეოლოგია მოძველდა, ანუ 21-ე საუკუნეში მარქსისტული და ლენინური იდეები უკვე აღარ არსებობს; და, ასევე, საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა ასეთი იდეოლოგიიდან აღარ არსებობს:  საბჭოთა კავშირი დაიშალა და დღეს აქ წარმოშობილი სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ნატოსთან თანამშრომლობისთვის. მათ შორის რუსეთსაც გაუჩნდა თავისი პრაქტიკული მიზნები ნატოსთან ურთიერთობაში: ის აცნობიერებს, რომ დასავლეთთან დაპირისპირება აღარ შეუძლია იმიტომ, რომ რაიმე იდეოლოგია, რომელიც მოახდენდა რუსეთის კონსოლიდაციას და დაუპირისპირებდა დასავლეთს, ასეთი აღარ არსებობს. ამიტომაც გადახედა ნატომ ახალ რეალობას.

 

თქვენ ახსენეთ გლობალური საკითხები, რაც იქნება გათვალისწინებული ნატოს ახ სტრატეგიაში. აქედან გამომდინარე, რამდენად საინტერესო იქნება ნატოსთვის საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება?

საქართველო, რა თქმა უნდა, საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კარი სამხრეთ კავკასიისა. გარდა ამისა, ჩვენი და აზერბაიჯანის კორიდორი იძლევა საშუალებას, რომ გავიდნენ ცენტრალურ აზიაზე, ირანზე, შესაბამისად, ეს არის ძალიან სერიოზული სატრანსპორტო და ენერგორესურსების ტრანზიტის დერეფანი, რომელიც, რა თქმა უნდა, დასავლეთის ინტერესებშია. იმიტომ, რომ იგივე ნაბუქოს პროექტი არის პროექტი, რომელიც ალტერნატული ენერგორესურსების მიწოდების განვითარებას ითვალისწინებას. ეს ყველაფერი არის დასავლეთისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი იმიტომ, რომ ენერგოდამოკიდებულება დღეს ყველაზე მეტად აშფოთებს დასავლეთს, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებს – რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და, საერთოდ, არასტაბილურ ქვეყნებზე და იქიდან მოპოვებულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის დასავლური სახელმწიფოების უსაფრთხოებას. ამიტომ ისინი ცდილობენ განავითარონ ალტერნატული მარშრუტები და სწორედ ამ ალტერნატული მარშრუტების თითქმის 90% გადის აზერბაიჯანსა და საქართველოზე.

 

რა კავშირში იქნება ალტერნატული ენერგომარშრუტები ნატოს ისეთ გლობალურ პრობლემებთან, როგორებიცაა საერთაშორისო ტერორიზმი და იარაღის უკონტროლო ტრანზიტი?

მე ენერგეტიკაზე გესაუბრეთ, მაგრამ გითხარით, ასევე, რომ ეს არის სატრანსპორტო კორიდორი. თუ ამ კორიდორს აკონტროლებს დასავლური სტანდარტებით აღჭურვილი საბაჟო პუნქტები, სასაზღვრო გამშვები პუნქტები და შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც, ვთქვათ, აძლიერებენ და ატრეინინგებენ ნატოს სტანდარტების მიხედვით და ასე შემდეგ, მაშინ ამ დერეფანს ვერ გამოიყენებენ ვერც ტერორისტები და ვერც ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები საკუთარი მიზნებისთვის. ბუნებრივია, ეს გაკონტროლდება. ამიტომ, თუ საქართველო და აზერბაიჯანი ნატოს დაუახლოვდება, მათ მოუწევთ ამ სტანდარტების შემოტანა, რა თქმა უნდა, დასავლეთისავე დახმარებით და, შესაბამისად, კონტროლი ამ ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანზე, ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც წარმოადგენს ნატოს დღევანდელ მთავარ გამოწვევას, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ დერეფანში უზრუნველყოფილი იქნება.

 

ახალი სტატეგიაში შესაძლებელია, ალიანსის გაფართოებაც იგულისმებოდეს?

ნატოს არც ერთი სამიტი ამ თემას, რა თქმა უნდა, არ ხსნის დღის წესრიგიდან – ნატოს კარი ღიაა ევროპული და ჩრდილო ამერიკული სახელმწიფოებისთვის, უბრალოდ, აუცილებელია იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაც დააწესა ნატომ.

 

ადმენად აკმაყოფილებს საქართველო ამ კრიტერიუმებსა და დაკისრებულ ვადებულებებს?

იყო რაღაც ეტაპი ჩვენსა და ნატოს ურთიერთობებში, როდესაც ჩვენ ნატომ მოგვცა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ ვასრულებდით სხვადასხვა ვალდებულებებს, არა მარტო სამხედრო ტიპის, არამედ ისეთებს, როგორებიცაა: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება და ა.შ. როდესაც ინდივილური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები საქართველომ შეასრულა, ეს იყო დაახლობით 2006 წლამდე  და ნატომ ეს აღიარა. შემდეგ ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შემოგვთავაზეს, ეს იყო ინტენსიური დიალოგი. 2008 წლის ომის შემდეგ კი ჩვენ მოგვანიჭეს უკვე ახალი ინსტრუმენტი – ეს იყო ყოველლიური ეროვნული სამოქმედო გეგმები, რომლებიც უკვე მაღალ დონეზე ითვალისწინებენ ამ ვალდებულებების შესრულებას. ჩვენ ეროვნული სამოქმედო გეგმების ერთი წლის სამოქმედო გეგმები გავიარეთ და ახლა უკვე მუშაობა მიდის მეორე ნაწილზე. ეს დახურული დოკუმენტია, მაგრამ ის შეფასებები, რაც მოდის ნატოს ხელმძღვანელობიდან, არის პოზიტიური. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც ამ ყოველწლირი ეროვნული გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული. ამის შემდგომი ეტაპი შეიძლება იყოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), ან პირდაპირ დაგვიდონ კანდიდატისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები, ანუ ნატოსგან ჩვენ რაიმე ისეთი შენიშვნა, რომ რაიმეს ვერ ვასრულებთ, არ მიგვიღია. რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში არის საკითხები, რომლების დახვეწასაც ითხოვენ ისინი, მაგრამ ყოველი ახალი ეტაპის გავლის შემდეგ შეფასება არის პოზიტიური მათი მხრიდან. გაზაფხულზე ამ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების შემდეგი ბაზის შეფასება შეიძლება მოვისმინოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ლისაბონის სამიტზეც გაჟღერდეს ეს, როგორ ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს. რა ინფორმაციასაც ვფლობ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს.

საქართველოს პროგრესირების პროცესი ისე სწარაფად მიდის, რომ, ალბათ, ჩვენი გაწევრიანების პროცესი დიდხანს არ გაიწელებოდა, ერთადერთი, რამაც შეიძლება ჩვენ შეგვაყოვნოს, ეს არის რუსეთის მხრიდან სხვადასხვა პროვოკაციები, აპელირება ამ მოუგვარებელ კონფლიქტებზე. სხვა მიზეზს ჩვენი შეფერხებისა მე ვერ ვხედავ. ეს მიზეზები, შესაძლოა, ნატო-რუსეთის ურთიერთობის დათბობის ხარჯზე მოიხსნას. ამიტომაც ვართ ჩვენ დაინტერესებული მათი ურთიერთობის დათბობით.

 

რუსეთის რა ინეტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს, ურთიერთობის დათბობა ნატოსთან?

ნატოსთან ურთიერთობის დათბობა ნიშნავს, ნატოს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ინოვაციებს, ეს არის მთავარი რუსეთისთვის იმიტომ, რომ რუსეთს უჭირს ზუსტად ამ სფეროში. თუ რუსეთმა არ მიიღო სამხედრო ტექნოლოგიები არა მარტო სამხედრო სფეროში, არამედ ეკონომიკაშიც, სხვანაირად მისი ეკონომიკა დაინგრევა და დაინგრევა, ასევე, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. სულ რამდენიმე წელიწადში რუსეთი ჩამოქვეითდა პირველი ადგილიდან მეექვსეზე: შეიარაღების ექსპორტის მოცულობის მხრივ რუსეთი იყო ნომერ პირველი, მაგრამ ვითარდება ტექნოლოგიები, გამოდის ახლი ტიპის შეიარაღება და ამიტომ ძირითადი მყიდველები, ვინც იყვნენ რუსეთის შეიარაღების, ახლა უკვე უპირატესობას ანიჭებენ ნატოს შეიარაღებას ან ჩინურ და იაპონურ ტექნოლოგიებს. ამ შემთხვევაში, რუსეთი გადადის ნელ-ნელა უკანა ადგილზე, ანუ მარტო რუსეთის ეკონომიკა კი არ ზარალდება იმიტომ, რომ დგას დღეს მისი ეკონომიკა მოძველებულ ტექნოლოგიებზე, არამედ რუსეთის სამხედრო მრეწველობა და უსაფრთხოების დონეც ქვემოთ იწევს. რუსეთისათვის, ჩემი აზრით, დღეისათვის ეს არის პრიორიტეტი – ამ ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, სხვანაირად რუსეთს არანაირი ეკონომიკური მომავალი არ აქვს. დასავლეთი მას სთავაზობს მოდერნიზაციას, იმის საფასურად, რომ მან უარი თქვას იმ აგრესიულ გეგმებზე, რაც მას გაცხადებული აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი