დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლითაც ემიგრანტებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
მისი თქმით, „ოცნება“ საკუთარი მმართველობის გასამყარებლად საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას ართმევს.
„ქართული ოცნება“ კვლავ თავს ესხმის საქართველოს დემოკრატიას. მათ დაიწყეს მედიის თავისუფლების შეზღუდვით, შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვით და ახლა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას ართმევენ საკუთარი მმართველობის გასამყარებლად.
დიდმა ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ივანიშვილსა და მის გარემოცვას“, – წერს X-ზე ჯეიმს მაკკლირი.
„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.
2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში, ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.
ემიგრანტები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა შესძლებოდათ. ვინაიდან, როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნებოდა. ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირდათ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ემიგრანტებმა კამპანიებიც წამოიწყეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უცხოეთში საარჩევნო უბნები დაემატებინა. თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ მხოლოდ 67 საარჩევნო უბანი გახსნა, წინა არჩევნებთან შედარებით 15 უბნით მეტი. ახალი გადაწყვეტილებით კი, „ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს და ამტკიცებს, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, მას საქართველოში ჩამოსვლაც შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა) საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საგრძნობლად მცირდება და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შედეგები წლების მიხედვით:
- 2016 წელს – 39,6% (ეროვნულ დონეზე 48,68%)
- 2020 წელს – 29,03% (ეროვნულ დონეზე 48,22%)
- 2024 წელს – 13,49% (ეროვნულ დონეზე 53.93%).








