ახალი ამბები

ზურაბ მენთეშაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს, გადაწყვეტილება შეურყეველია – ადვოკატი

10 ნოემბერი, 2025 •
ზურაბ მენთეშაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს, გადაწყვეტილება შეურყეველია – ადვოკატი

რუსთაველის აქციის მონაწილე, ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული, მეათე დღეა შიმშილობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, ჯანო ჭკადუა ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად ფიზიკური სისუტისა, შიმშილობასთან დაკავშირებით ზურაბ მენთეშაშვილის გადაწყვეტილება შეურყეველია.

„დღეს სინდისის პატიმრის — ზურაბ მენთეშაშვილის შიმშილობის მე-10 დღეა. შევხდი მას და მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, მტკიცედ და მშვიდად გამოიყურება. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და გადაწყვეტილება შეურყეველია.

ვინც არ იცით, ზურაბ მენთეშაშვილი იმ ადამიანთაგანია, ვინც გასული წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და მხოლოდ იმის გამო წარუდგინეს ბრალი, რომ პროკურატურის მტკიცებით მოქალაქეებთან ერთად გზის გადაკეტვის ფორმით გამოხატა პროტესტი. ამ ქმედების გამო მას ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება — რაც აშკარა პოლიტიკურად მოტივირებული პასუხია მოქალაქის მშვიდობიან გამოხატვის უფლებაზე.

მენთეშაშვილის შიმშილობა მის პირად პროტესტად იქცა არა მხოლოდ საკუთარი საქმის, არამედ ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც დღეს საქართველოში თავისუფლების, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსებისთვის იბრძვის“, – წერს Facebook-ზე ჯანო ჭკადუა.


რუსთაველის აქციის მონაწილეს, ზურაბ მენთეშაშვილს, რომელიც გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით დააკავეს, 3 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო, რითიც პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.

ამ გადაწყვეტილებით ზურაბ მენთეშაშვილი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ახალი რეპრესიული კანონით გზის გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ.

ზურაბ მენთეშაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით ზურაბ მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი