ახალი ამბები

გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით ზურაბ მენთეშაშვილს პატიმრობა შეეფარდა

3 ნოემბერი, 2025 •
გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით ზურაბ მენთეშაშვილს პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის აქციის მონაწილეს, ზურაბ მენთეშაშვილს, რომელიც გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო, რითიც პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.

ამ გადაწყვეტილებით ზურაბ მენთეშაშვილი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ახალი რეპრესიული კანონით გზის გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ.

ზურაბ მენთეშაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით ზურაბ მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი 31 ოქტომბერს იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა“, – აცხადებს პროკურატურა.

ზურაბ მენთეშაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 24 დეკემბერს დაინიშნა.

„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა პირველ ჯერზე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. განმეორებითობის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი