ახალი ამბები

დღეს, 29 ოქტომბერს, კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით

29 ოქტომბერი, 2025 •
დღეს, 29 ოქტომბერს, კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით

დღეს, 29 ოქტომბერს, კიდევ მინიმუმ სამი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – შაკო კოღუაშვილი, თამარ ჭუმბურიძე და დავით ჭელიძე.

სავარაუდოა, რომ სხვა შემთხვევების მსგავსად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათაც შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავება – გზის ხელოვნურად გადაკეტვას, ან სახის დაფარვას აქციაზე.

თამარ ჭუმბურიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. ჭუმბურიძე უკვე გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მის საქმეს სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს.

შაკო კოღუაშვილს პოლიციის ეკიპაჟმა სახლთან მიაკითხა. სხვა შემთხვევების მსგავსად, პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ არ აკავებდნენ, თუმცა აუცილებლად უნდა გაჰყოლოდა. კოღუაშვილმა მათ სთხოვა სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და განყოფილებაში თავად მივიდოდა ხვალ, 30 ოქტომბერს. თუმცა პოლიციელებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

“ერთი თვის ბავშვი მყავს სახლში. მეუღლის დაბადების დღეა დღეს […] თუ არის შესაძლებლობა, რომ ხვალ … ჩემი ფეხით მოვალ, არ არის პრობლემა. ვიცი, რაზეც არის, რა სიტუაციაცაა. არანაირი პრობლემა არა მაქვს. ჩამაბარეთ ფურცელი, მოგიწერთ ხელს და ხვალ ჩემი ფეხით, საღამოს, გამოვცხადდები მე თვითონ. თუ არის ეს შესაძლებელი, მადლობელი დაგრჩებით”, – მიმართა კოღუაშვილმა პოლიციელს.

“ამ ეტაპზე არც ბორკილებს გადებთ, არც არაფერი. პირველ ეტაპზე გადმოგვყევით იქ [განყოფილებაში] და შემდგომში ვნახოთ უკვე, რა როგორ იქნება”, – უპასუხა მას პოლიციელმა.

“ქურთუკი რომ ჩამოვაგდებინო [ფანჯრიდან/აივნიდან]?” – იკითხა კოღუაშვილმა.

“არა, არ არის პრობლემა. მაგით იყავით. ავტომობილში გვეყოლები, არც გარეთ იქნები, არც შეგცივდებათ, არაფერი. ნუ ნერვიულობთ მაგაზე”, – უპასუხეს პოლიციელებმა.

კოღუაშვილის გადაყვანის კადრებს იღებდა მისი ცოლი, ანა იმედაშვილი.

“გუშინწინ რუსთაველზე იყო შაკო და, როგორც ჩანს, მაგიტომ მოგვაკითხეს სახლში. გველოდებოდნენ, ჩასაფრებულები იყვნენ ეზოში, კორპუსთან. დღეს ვაპირებდით ქალაქიდან გასვლას, ჩემი დაბადების დღის აღნიშვნას და, მე მგონი, არ გამოგვივა”, – თქვა მან.

“გილოცავ დაბადების დღეს” – გამოსძახა ცოლს კოღუაშვილმა პოლიციის მანქანაში ჩაჯდომამდე.

“ასე მომილოცა დაბადების დღე სახელმწიფომ”, – თქვა ანა იმედაშვილმა ფეისბუქ-ლაივის გათიშვამდე.

კიდევ ერთი დაკავებულია დავით ჭელიძე. მის შესახებ ინფორმაციას პარტია “ახალის” წევრი, იურისტი მარიკა არევაძე ავრცელებს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი