ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა მტკიცედ უნდა უპასუხოს დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში.
„მე ახლახან დავბრუნდი სამხრეთ კავკასიიდან და, სამწუხაროდ, რასაც საქართველოში ვხედავ, ასევე ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რეპრესიები ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ ქუჩაში არის ის, რასაც ვერ მივიღებთ. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველას. აშკარაა, რომ ეს არ არის ევროპული გზა, ეს არ არის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. ამიტომ ამ კუთხითაც ძლიერები უნდა ვიყოთ“, — განაცხადა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც გასულ კვირას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გზის უკანონოდ გადაკეტვის საბაბით 5 000 ლარით დააჯარიმა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვალტონენის აქციაზე მისვლის გამო გააუქმა მასთან დაგეგმილი შეხვედრა, ფინურმა მხარემ კი განაცხადა, რომ შეხვედრა თავად გააუქმეს განრიგში შეტანილი ცვლილებების გამო.








