ახალი ამბები

გენინსპექცია სკოლის დირექტორებთან

12 ნოემბერი, 2010 • 1452
გენინსპექცია სკოლის დირექტორებთან

„ჩემს მეუღლეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია“ – ამბობს თბილისის #148 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე. მისი მეუღლე, #149 სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე, ჯერჯერობით, ერთადერთია, რომელმაც დანარჩენი 7 კოლეგის მსგავსად, გათავისუფლების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა. #148 და #149 საჯარო სკოლებში დღეს დილით განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა შესამოწმებლად.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებს აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა და განმარტა: „განათლებისა და მეცნიერების მინისტრს აქვს უფლება, მოახდინოს რეაგირება იმ დარღვევების ფაქტებზე, რომლებიც ფიქსირდებიან. გენერალური ინსპექცია მოქმედებს კანონმდებლობასთან შესაბამობაში და ამოწმებს იმ ეკონომიკურ გადაცდენებსა და დარღვევებს, რომლებიც არსებობენ სხვადასხვა სკოლაში. ეს არის რუტინული პროცესი, რომელიც გაგრძელდება“.

სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ #149 და #148 სკოლებში გენინსპექციის შესვლას წინ უძღოდა ზეწოლა აღნიშნული სკოლების დირექტორებზე სამინისტროს მხრიდან.

„გუშინ ვალერიან გიორგაძე სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ მის მეუღლეს, მაია გიორგაძეს, 149-ე სკოლის დირექტორს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები მასაც შეექმნებოდა“, – ამბობს თუთბერიძე.

თავად ვალერიან გიორგაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ მასთან „ეგეთი საუბარი არ ყოფილა“, თუმცა ადასტურებს, რომ სამინისტროში გუშინ მართლაც იმყოფებოდა: „სამინისტროში ვიყავი სხვა საქმეზე, რესურს–ცენტრში“.

ვალერიან გიორგაძე ამბობს, რომ დღეს მის სკოლაში გენერალური ინსპექცია მართლაც შევიდა: „ინსპექციის შემოსვლის მოტივი თემატური შემოწმებაა“ – ამბობს იგი ნეტგაზეთთან  საუბარში. მანვე დაგვიდასტურა, რომ გენინსპექცია იმ სკოლასაც ამოწმებს, რომელსაც მისი მეუღლე ხელმძღვანელობს.

„149-ე სკოლაში გენერალური ინსპექცია სეიფის გასაღებს ითხოვს. ამის უფლება გენინსპექციას არ აქვს. სეიფის გასაღები კი არ უნდა მოითხოვონ, მათ უნდა შეამოწმონ კონკრეტული დოკუმენტები და ამ დოკუმენტების წარდგენა უნდა მოითხოვონ“ – ამბობს თეა თუთბერიძე.

თავად #149 სკოლის დირექტორთან, მაია გიორგაძესთან დაკავშირება ნეტგაზეთმა ამ დრომდე ვერ მოახერხა. ქალბატონი მაიას პირადი და სამსახურებრივი მობილური ტელეფონები გამორთულია. არავინ პასუხობს არც სკოლის დირექტორის კაბინეტის ტელეფონს.

მაია გიორგაძეს ნეტგაზეთი 10 ნოემბერს ესაუბრა. მან ღიად განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი პირადად ითხოვდა  მისგან თანამდებობის დატოვებას.

ამ ინფორმაციის გადამოწმებას ნეტგაზეთი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეეცადა, თუმცა დიმიტრი შაშკინი მხოლოდ ორსიტყვიანი კომენტარით შემოიფარგლა: „რა სისულელეა“ – გვითხრა მან.

მაია გიორგაძის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ის 9 ნოემბერს, ღამით, მას შემდეგ დაიბარეს, რაც საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებმა საპროტესტო აქცია გამართეს 8 საატესტაციო გამოცდის გაუქმების მოთხოვნით. სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, იმ ღამით 8 სკოლის დირექტორი იქნა დაბარებული სამინისტროში, რომლებსაც თანამდებობების დატოვება მოთხოვეს.

სამინისტროს მოთხოვნას მხოლოდ მაია გიორგაძე არ დაემორჩილა: „მე ვამტკიცებდი და მივიტანე დოკუმენტები, რომ ჩემი მოსწავლეები არ ყოფილან აქციაზე“ – აღნიშნა მან. დღეს ნეტგაზეთთან საუბარში ვალერიან გიორგაძემაც განაცხადა, რომ აქციაში არც მისი სკოლის მოსწავლეებს მიუღიათ მონაწილეობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საჯარო სკოლების დირექტორები  საკუთარი განცხადებების საფუძველზე გათავისფლდნენ. შაშკინის თქმით, დირექტორებმა განცხადებები სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეების სახელზე დაწერეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი