„ქართულმა ოცნებამ“ საფრანგეთში ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დანიშნა.
ირაკლი ყურაშვილის დიპლომატიური კარიერა 30 წელს ითვლის. წლების განმავლობაში ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.
ირაკლი ყურაშვილი 2023-2025 წლებში იყო საქართველოს ელჩი ლატვიაში, 2017-2022 წლებში – არგენტინაში, ხოლო 2012-2017 წლებში – შვეიცარიის კონფედერაციაში.
2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ, არაერთმა დიპლომატმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ამ პერიოდში ირაკლი ყურაშვილმა ლატვიურ საინფორმაციო სააგენტოში გამოაქვეყნა სტატია, სადაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების ახსნა სცადა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ეჭვქვეშ არავინ აყენებდა.
