საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ხსნის, რატომ უნდა გააუქმდეს პედაგოგ ნინო დათშვილისთვის დანიშნული ფიქიატრიული ექსპერტიზა. ის ყურადღებას ამახვილებს ფორმა 100-ზე, რომლის საფუძელზეც პროკურატურამ ამგვარი ესპერტიზა მოითხოვა, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა კი დააკმაყოფილა.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, აღნიშნული ფორმა 100 არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. იურისტი განმარტავს, რომ ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმოს დათაშვილისთვის დანიშნული ექსპერტიზა.
“ფორმა 100-ის შევსებისას ექიმი ხელმძღვანელობს “ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესით”, რომელიც მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული და წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ამ წესის მიხედვით, ფორმის მე-9 გრაფაში იწერება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, ძირითადი და თანმხლები დაავადებები შესაბამისი ფორმულირებებით და ასევე, სავალდებულოა, რომ მითითებული იყოს შესაბამისი დაავადების კოდი. მაგალითად, ფსიქიატრიის მიმართულებით დიაგნოზების კოდები F-ით იწყება.
თუ დააკვირდებით, ნინო დათაშვილის 2019 წლის ფორმა 100-ს, იქ, მე-9 გრაფაში, მითითებულია ხერხემალთან დაკავშირებული დიაგნოზი და მითითებულია შესაბამისი კოდი – M. 51.1., ხოლო შემდგომ, სადაც ფსიქოემოციური ლაბილობაა სიტყვიერად ჩაწერილი, მას არ ახლავს შესაბამისი დიაგნოზის კოდი, რადგან ეს არ არის დაავადება და შესაბამისად, ვერც კოდი ექნება ფსიქიატრიაში.
ამ ნაწილში ფორმა 100 ნაკლოვანია და ის არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. მისი აღნიშვნა ფორმა 100-ში ამ ფორმით საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, ხოლო თუ მაინც მოხდა, ეს პროკურატურას და სასამართლოს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება ამ ცნობაზე დაეყრდნოთ.
მხოლოდ ეს გარემოებაც კი საკმარისი უნდა იყოს, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილოს ნინო დათაშვილის ადვოკატების საჩივარი და გააუქმოს სტაციონარში მოთავსებით ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პირველი ინსტანციის მოსამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება”, – წერს ქურდოვანიძე.
2 აგვისტოს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იურისტებმა გაავრცელეს ინფორმცია, რომ პედაგოგი ნინო დათაშვილი, შესაძლოა, იძულებით გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად.
“პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა ყველანაირი კრიტერიუმის და ობიექტური საფუძვლის არსებობის გარეშე. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, მან არ მისცა ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან ნინოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რა განიხილებოდა მის წინააღმდეგ და სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი იქნება წინააღმდეგი ექსპერტიზის ჩატარებაზე, გამოყენებულ იქნას მის მიმართ იძულების პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასმართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა”, – განაცხადა თამარ გამოძემ, PHR-ის თავმჯდომარემ.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამ ექსპერტიზას პროკურატურა ნინოს წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებისთვის იყენებს. დათაშვილის სასამართლო 7 აგვისტოს არის დანიშნული, სადაც უნდა გადაისინჯოს, არსებობს თუ არა დათაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა.
სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ცდილობს თავდასხმად დააკვალიფიციროს ინციდენტი, რომელიც დათაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა ნინოს სასამართლოდან ძალის გამოყენებით, იძულებით გაძევებისას.
