მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი და მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა გადასული, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასთან დღეს, 4 ივლისს, სასწრაფო დახმარება ჰყავდათ გამოძახებული. როგორც მაღაროელები აცხადებენ, მირზა ლოლაძე უარს აცხადებს ყველანაირი მედიკამენტის და სითხის მიღებაზე.
ამის შემდეგ მირზა ლოლაძესთან სასწრაფო დახმარება მეორედ გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. როგორც მაღაროელები ამბობენ, თავად მირზა ლოლაძე საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარებამ მაინც წაიყვანა.
გუშინ შეუძლოდ იყო მშრალ შიმშილობაზე მყოფი კიდევ ერთი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელთანაც სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოიძახეს, თუმცა ისიც უარს ამბობს ნებისმიერი სახის მკურნალობაზე.
დღეს ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე და შიმშილობის 16-ე დღეა. შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამ პირს პირი აქვს ამოკერილი, ორი მათგანი მშრალ შიმშილობაზე იმყოფება. შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნაა დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებაა.
დღეს მაღაროელებმა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართეს, რომ მათი პრობლემით პირადად დაინტერესდეს. მაღაროელების Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში, ისინი კობახიძე ისინი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
~
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდიდა და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებდა. ამას მაღაროელთა პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 4 თვეზე მეტია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა – უშედეგოდ.
24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. დოკუმენტში, რომელიც სულ 7 პუნქტისგან შედგება, წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებული არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზმა” მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანიის მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
მაღაროელთა დიდი ნაწილი არ თანხმდება დამსაქმებლის ამ პირობებს და აგრძელებს პროტესტს. მათი შეფასებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია CMC სთავაზობს, მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.
პროტესტის ლიდერთა ნაწილი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – მასში მონაწილეობას.