ჭიათურელი მაღაროელის, მერაბ სარალიძის ცოლი, ჟანა გოგატიშვილი საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს. ის ითხოვს მისი ქმრისა და მასთან ერთად დაკავებული სამი ადამიანის გიორგი ნეფარიძეს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანის გათავისუფლებას.
სარალიძე და ნეფარიძე ციხეში შიმშილობენ. მათ გარდა შიმშილობს კიდევ 5 მაღაროელი. მათგან სამს პირი აქვს ამოკერილი.
“როცა მე და მერაბმა ოჯახი შევქმენით, დედა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. ობლობაში გაიზარდა, დედისერთაა. არ გვქონდა საკუთარი ჭერი. შრომის იმედად დავიწყეთ თანაცხოვრება. ყველაფერს აკეთებდა, რომ შეგვძლებოდა შვილებისთვის კარგი მომავალი შეგვექმნა. მაშინაც არ ასცდენია გზას, არ დაუკარგავს საკუთარი სინდისი და პატიოსნება, როცა უკიდურესად გვიჭირდა. შრომით ვზრდით ორ შვილს, ვიყიდეთ სახლი, ფეხზე დავდექით და საუკეთესო თუ არა, ნორმალურ პირობებში ვაგრძელებდით ცხოვრებას.
ახლა ციხეში შიმშილობს და ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა. განა რას ითხოვდნენ უსამართლოს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ურთულეს პირობებში სიკვდილის ფასად უწევთ შრომა. ორჯერ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ერთხელ დიდი ქვა დაეცა, მძიმე ტვინის შერყევით იწვა. კასკა რომ არა, ალბათ ვერც გადარჩებოდა. ასევე შიმშილობენ მისი მეგობრები კარავში. სამს პირი აქვს ამოკერილი, მათი მდგომარეობაც ყოველდღე მძიმდება.
ძალიან მიჭირს ამ რეალობის გამკლავება. ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ მიწყობს ხელს, რომ ორი შვილის მარტო რჩენა და გაზრდა შევძლო. პასუხებს ვეღარ ვპოულობ ჩემი შვილების შეკითხვებზე. ბიჭი წელს შედის სკოლაში, სულ მეკითხება მამიკოს ამბავს, მოენატრა. გოგო მე-6 კლასში გადავიდა, მამას ტელეფონზე ვერ ესაუბრება, ტირის და ნერვიულობს ბავშვი. მანამდეც ჰქონდა ნერვული პრობლემები, მაგრამ ახლა გაუმძაფრდა, ექიმთან დამყავს ამის გამო.
ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება ცხოვრებისთვის, მეტს არაფერს ვითხოვთ. მივმართავ ყველას, თუკი შეგრჩათ რაიმე ადამიანური, მიიტანოთ გულთან ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების გასაჭირი! გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებულები: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, თენგო გველესინი, გიორგი ნეფარიძე – მშრომელი, პატიოსანი ხალხი, რომელთაც კარგის მეტი არასდროს არაფერი სდომებიათ ქალაქისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ჟანა გოგატიშვილი
მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. თავდაპირველად გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებით მუხლით დაუწყო. თუმცა, მოგვიანებით, დაკავებულებს ბრალი გადაუკვალიფიცირეს უფრო მძიმე მუხლით. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან. პროკურატურის ვერსიით, ისინი შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ციხეში შიმშილობა დაიწყეს მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ. მათი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს სხვა მაღაროელებმაც. ამ დროისთვის სულ 7 ადამიანი შიმშილობს: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე, მერაბი სარალიძე, მირზა ლოლაძე, გოგა აბესაძე და შავლეგი გოგსაძე.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. მოგვიანებით გაიკრვა, რომ კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდიდა და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებდა. ამას მაღაროელთა პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 4 თვეზე მეტია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა – უშედეგოდ.
24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. დოკუმნეტში, რომელიც სულ 7 პუნქტისგან შედგება, წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებული არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზმა” მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანიის მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
მაღაროელთა დიდი ნაწილი არ თანხმდება დამსაქმებლის ამ პირობებს და აგრძელებს პროტესტს. მათი შეფასებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია CMC სთავაზობს, მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ჭიათურის მოსახლეობის 60.6 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, რაც იმერეთის რეგიონის საშუალო მონაცემს – 41.2 %-ს, მკვეთრად აღემატება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი – 33.6 %, საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ, იმერეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
