„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების ახალ მინისტრად გივი მიქანაძე წარადგინა.
გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
მიქანაძე განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის პოსტით გაავრცელა.
“დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას. მინისტრობის პერიოდში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს. მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა”, – აცხადებს წულაძე.
ალექსანდრე წულაძე პოსტზე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. მანამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
რაც შეეხება გივი მიქანაძეს, მაღალ თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც იკავებდა. მიქანაძე 2005-2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში იყო მითითებული, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას უწევდა კურირებას. ეს ის მიმართულებაა, რომლის გამოც წინა ხელისუფლება ყველაზე ხშირად უკრიტიკებიათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის “ქართულ ოცნებასაც”.
„ქართულ ოცნებაში“ გამოჩენის შემდეგ გივი მიქანაძე ირწმუნებოდა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა.
ნიკა გვარამია, რომელიც 2008 წელს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აცხადებს, რომ გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან თავად გაათავისუფლა.
